gorgia
ავერსი legi

სტარტაპფობია და ახალი საქმის დაწყების მძაფრი შიში - როგორ ვიპოვნოთ გამოსავალი? როგორ დავიწყოთ ბიზნესი? როგორ ვაჯობოთ ჩვენივე შიშს? რას ფიქრობენ მეცნიერები? - ადამიანში არსებულ ასეთ შიშებზე ფსიქოთერაპევტი მაგდა კოტრიკაძე სოციალურ ქსელში წერს და მკითხველს რჩევებს უზიარებს. 

"ბევრს ჰგონია, რომ ახალი საქმის დაწყება მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობების, რესურსებისა და გეგმის არსებობის დილემაა. სინამდვილეში კი იდეიდან მოქმედებამდე გაცილებით რთული ფსიქოლოგიური გზა უნდა გავიაროთ. ამ გზაზე ყველაზე ხშირ წინააღმდეგობას სტარტაპფობიას უწოდებენ – ახალი ბიზნესის, დამოუკიდებელი საქმიანობის თუ პროექტის დაწყების ძლიერი შიში. ეს ფენომენი არ არის უბრალო მღელვარება, არც დაბალი თვითშეფასების შედეგი. ის კომპლექსური, ბუნებრივი და ბევრისთვის საერთო მდგომარეობაა, რომელსაც აქვს სიღრმისეული მეცნიერული ახსნა.
 
სტარტაპფობია ხშირად ჩნდება მაშინ, როცა ადამიანი რეალურად არის მზად ცვლილებისთვის, მაგრამ მისი ფსიქიკა ჯერ მაინც ვერ იღებს ახალ რეალობას. ნეირომეცნიერების მიხედვით უცნობი გარემო ტვინში საფრთხედ აღიქმება. ამ დროს აქტიურდება ამიგდალა თავის ტვინის უბანი, რომელიც გადარჩენის ინსტინქტებს მართავს და ორგანიზმი საფრთხეს განიცდის. 
 
სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ გონებრივი ნაწილი ახალ შესაძლებლობებს ხედავს, ემოციური სისტემა პირიქით გვეუბნება: „არ იჩქარო, აქ უსაფრთხოა“. ეს არის მიზეზი, რატომაც ბევრი ადამიანი იდეის მიუხედავად ნაბიჯს წინ ვერ დგამს. ტვინი არასოდეს გვეუბნება „შენ ვერ შეძლებ“! ის უბრალოდ გვიცავს რისკისგან, რომელსაც საფრთხედ აღიქვამს.
 
ბანდურას თვითეფექტიანობის თეორია ამბობს, რომ მოქმედებაზე შეუძლია გავლენა იქონიოს არა უნარმა, არამედ რწმენამ, რომ ეს უნარი ჩვენში ნამდვილად არსებობს. ამიტომაც ხშირია შემთხვევა, როცა ერთი და იგივე რესურსების მქონე ორი ადამიანიდან ერთ-ერთი საქმეს იწყებს და წინ მიდის, ხოლო მეორე საკუთარ თავს ეუბნება, რომ „ჯერ არ არის დრო“ და წლები გადის უშედეგო ფიქრში.
 
ცოტა ხნის წინ ერთ ახალგაზრდა ქალთან მქონდა საუბარი, რომელსაც საოცარი იდეა ჰქონდა საკუთარ ბრენდზე. ყველაფერი დაგეგმილი ჰქონდა: პროდუქტი, დიზაინი, მიზნობრივი აუდიტორია. მაგრამ უკვე მეორე წელია, რეალურ ნაბიჯს არ დგამდა. როცა მის შინაგან ბარიერებზე ვისაუბრეთ, აღმოჩნდა, რომ პრობლემა უნარებში კი არა, პასუხისმგებლობის შიშში იყო. ჩვეული სამსახური მისთვის შეგნებულადაც და ქვეცნობიერადაც იყო უსაფრთხო სივრცე. დამოუკიდებელი საქმიანობა კი სრულიად საპირისპიროა. აქ, რისკი "შენი რისკია", შეცდომა "შენი შეცდომა", შედეგიც მხოლოდ "შენი შედეგი".
 
დაქვემდებარებულობის კომფორტი ბევრ ადამიანს აჩერებს. ეს არ ნიშნავს, რომ ასეთ ადამიანს ინიციატივა არ გააჩნია ან კარიერულ ზრდას არ ესწრაფვის. უბრალოდ ფსიქოლოგიურად ადამიანისთვის გაცილებით მარტივია იყოს სტრუქტურაში, სადაც წესები განსაზღვრულია. სტარტაპში ყველაფერი თავიდან უნდა ააშენო. აქ არ არის გარანტია, არ არის წინასწარ განსაზღვრული გზა. ეს თავისუფლება ზოგისთვის მოტივაციაა, მაგრამ სხვებისთვის არა ნაკლები სტრესი, ვიდრე პასუხისმგებლობა.
 
თანამედროვე სამყაროში სოციალურ ქსელებს მნიშვნელოვანი როლი ენიჭებათ სტარტაპფობიის გაძლიერებაში. როცა ადამიანი ყოველდღე ხედავს სხვების სწრაფ წარმატებას, იდეალური კარიერის ისტორიებს, „ნულიდან მილიონამდე“ ნარატივებს, საკუთარ თავზე ზეწოლა იზრდება. ამ დროს შედარება გარდაუვალია. და სწორედ შედარება ასუსტებს საკუთარ შესაძლებლობებზე რწმენას. ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც წლებია აპლიკაციაზე ფიქრობს, მაგრამ ჯერ არ დაუწყია, ხშირად ამბობს, რომ ინტერნეტში ყველა მასზე ადრე იწყებს, ყველას უკეთ გამოსდის, ყველა უფრო სწრაფად იზრდება. სინამდვილეში კი თითოეული წარმატებული ისტორიის უკან იმ რაოდენობის წარუმატებლობაა, რომელიც სოცქსელებში არასოდეს ჩანს.
 
პროკრასტინაციაც ამ პროცესის ნაწილია. ბევრს ჰგონია, რომ გადადება სიზარმაცეა, მაგრამ ფსიქოლოგიაში მას თავდაცვით მექანიზმად განიხილავენ. ადამიანი მაშინ გადადებს საქმეს, როდესაც შიდა ემოციური დატვირთვა იმდენად მაღალია, რომ საქმე გონებრივად არ რთულდება არამედ რთულდება მისი დაწყება. სწორედ ამიტომ, ზოგჯერ იდეაზე ფიქრი უფრო დინამიკური პროცესია, ვიდრე რეალური ნაბიჯების განხორციელებისკენ სწრაფვა. ეს არის მცდელობა, თავი ავარიდოთ ემოციურ სტრესს, რომელსაც პასუხისმგებლობა იწვევს.
 
მიუხედავად ყველაფრისა, მეცნიერები ერთ დამამშვიდებელ დასკვნას აკეთებენ: სტარტაპის დაწყების შიში სრულიად ნორმალურია. უფრო მეტიც, ეს არის ნიშანი იმისა, რომ ადამიანს რეალურად სურს თვალებში ჩახედოს სიმართლეს. შიში ისედაც გაუაზრებელი ენერგიის გამოხატულებაა, რომელსაც მიმართულება არ აქვს. გამოცდილება კი ამ შიშს მნიშვნელოვნად ამცირებს. როგორც კი ადამიანი პირველ პატარა ნაბიჯს დგამს  იქნება ეს იდეის სუფთა ფურცელზე აღწერა, ბაზრის კვლევა, პროტოტიპის შექმნა თუ პირველი თუნდაც მცირე გაყიდვა. ამ მომენტში, ტვინი სწავლობს, რომ გაურკვევლობა კატასტროფა არ არის და საფრთხეც რეალური არაა.
 
სტარტაპფობია არ არის სისუსტე. ეს არის ბუნებრივი რეაქცია ცვლილებაზე, პასუხისმგებლობაზე და განმეორებადი გამოცდილების არქონაზე. თუმცა თუ იდეა მუდმივად გვიფრთხიალებს, თუ სურვილი არსებობს, მაგრამ ნაბიჯს ვერ ვდგამთ, ეს ნიშნავს, რომ შიში უკვე წინსვლის სურვილს აღემატა. ასეთ დროს საკმარისია მშვიდი, ძალიან პატარა ნაბიჯი. შემდეგ – კიდევ ერთი და მერე – მესამე. 
 
ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ, შიში კარგავს ძალას, თვითეფექტიანობა იზრდება, პასუხისმგებლობა ბუნებრივ გამოცდილებად ყალიბდება. კომპეტენციად და რესურსად, და ადამიანი ნელ-ნელა ტოვებს იმ უხილავ, მაგრამ მძლავრ ბადეს, რომელსაც დაქვემდებარებულობის კომფორტი ჰქვია. ბოლოს კი აღმოაჩენს, რომ სინამდვილეში ისიც მშვენივრად შეძლო, რასაც წლებია გაურბოდა."- წერს მაგდა კოტრიკაძე. 
99