საქართველოს ავიაბაზარზე საუდის არაბეთის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Flyadeal-მა დაიწყო ოპერირება. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჯედადან საუდის არაბეთის სახელმწიფო კომპანიამ პირველი პირდაპირი ფრენა განახორციელა.
Flyadeal-ი თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს ერთდროულად საუდის არაბეთის სამი ქალაქიდან: რიადი, ჯედა და დამამიდან იწყებს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების რამდენიმეთვიანი ეტაპი წარმატებით დასრულდა. მათივე ცნობით, ჯამში, საქართველოს მიმართულებით Flyadeal-ი პირდაპირ რეგულარულ რეისებს საუდის არაბეთიდან კვირაში ათი სიხშირით შეასრულებს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ავიაკომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებით მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე, „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე და ავიაკომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.