გაეროს მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გავლენიანი უცხოური მედიასაშუალებების ჯგუფებს მასპინძლობს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში Euronews Travel-ის, Forbes-ის, Bloomberg Travel-ის, Conde Nast-ის, Le Monde-ის, Prestige Communcation-ისა და Arab News-ის ჟურნალისტები, ოპერატორები და ფოტოგრაფები იმყოფებიან.
მათივე ცნობით, წამყვანი მსოფლიო მედიის წარმომადგენლები მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიებას აშუქებენ და საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სიუჟეტებს, სტატიებსა და ბლოგებს ამზადებენ, რომელსაც მთელ მსოფლიოში მილიონობით მაყურებელი, მკითხველი და ონლაინ მომხმარებელი გაეცნობა.
„მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავად, რომელიც 27 სექტემბერს საქართველოში გაიმართება დედაქალაქს უკვე ეწვივნენ საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები, ისეთები როგორებიც არიან: „Forbes“, “Bloomberg”, “Euronews” , “Conde nast traveler”. ისინი გააშუქებენ როგორც 27 სექტემბრის ღონისძიებას ასევე, ეწვევიან საქართველოს ტურისტულად მნიშვნელოვან ადგილებს და მთელ მსოფლიოს მოუყვებიან საქართველოს ტურიზმის პოტენციალის, დაგეგმილი ღონისძიების და რა თქმა უნდა, მშვიდობის როლის შესახებ ტურიზმის სექტორში“,- განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.
უწყების ინფორმაციით, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები დედაქალაქის დათვალიერების შემდეგ ეწვევიან წინანდალს, თელავს, მუხრანს, დაათვალიერებენ ღვინის მარნებს, მოინახულებენ ღვინის მუზეუმს, უცხოელი ჟურნალისტებისთვის გაიმართება ქართული ღვინისა და კერძების დეგუსტაცია.
„საქართველო გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, პირველად მასპინძლობს მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას. წლევანდელი თემატიკაა „ტურიზმი და მშვიდობა“.
მასშტაბური ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრები, ტურიზმის მინისტრები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები და ტურიზმის სფეროს პროფესიონალები ეწვევიან“,- ნათქვამია ინფორმაციაში.