jan-medi
ავერსი საქკაბელი

საქართველო 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყანაა. ეს ტიტული ქვეყანას საუდის არაბეთში, ქალაქ რიადში გადმოეცა.

„გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრმა ევროპულმა ქვეყნებმა ერთსულოვანი მხარდაჭერა გამოგვიცხადეს და შედეგად, მსოფლიო ტურიზმის დღეს საქართველოს გადმოეცა 2024 წლის მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყნის ტიტული. ამით საქართველომ დიდი აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, რომელიც საუდის არაბეთში 2023 წლის მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიებაში მონაწილეობს.

ღონისძიებას ასევე ესწრება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.

„საქართველო განაგრძობს, იყოს საინტერესო და მიმზიდველი ტურისტული მიმართულება მსოფლიოში. მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძლის სტატუსი მოგცემს იმის შესაძლებლობას, რომ მომდევნო წელს ჩვენს ქვეყანაში ღირსეულად დავხვდეთ 3000-მდე წამყვან ლიდერს ტურიზმის ინდუსტრიიდან და ავიაციის სექტორიდან. ჩვენ შევძლებთ, ღირსეულად წარმოვადგინოთ საქართველოს როგორც ტურისტული, ასევე საინვესტიციო პოტენციალი. ამ გამარჯვებით, ჩვენ გადავდგით კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს აღიარების, ცნობადობის გაზრდის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებისთვის“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ ტურიზმის ლიდერების ფორუმზე დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინფორმაციას საქართველოში 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებული ღონისძიების შესახებ. საქართველოს დელეგაციამ ასევე მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სამუშაო სესიასა და ორმხრივ შეხვედრებში.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. 

929