gorgia
ავერსი ნემო

ადგილობრივი გიდები ბაზრის მოთხოვნას აკმაყოფილებენ და საქართველო ამ ეტაპზე, უცხოენოვანი, უცხოელი გიდების კვოტირებას არ საჭიროებს - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე გიდებთან გამართული შეხვედრის შემდეგ აცხადებს. 

შეხვედრა ადმინისიტრაციამ გიდების ოთხ ასოციაციასთან და პროფკავშირებთან გამართა, სადაც უცხოელი გიდების კვოტირების საკითხები განიხილეს. საქმე ეხება, "შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში შესულ ცვლილებებს, რომლის თანახმად, 1 მასიდან მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს გიდებად მუშაობა აეკრძალათ.

„კანონში კულტურული გიდები ნულოვანი კვოტირებით იქნა [დაშვებული], ზუსტად იმიტომ, რომ მანამდე არაერთგზის, ჯერ კიდევ კანონის მიღების პერიოდში, გიდების ასოციაციებისგან ერთხმად იყო მოთხოვნა, რომ უცხოელ გიდებს აეკრძალოთ საქართველოში მუშაობა, რადგან, ისინი ერთგვარად, ართმევდნენ სამუშაო ადგილს, თუ ღია კონკურენციაში შედიოდნენ ქართველებთან.

ამასთან დაკავშირებით იყო წუხილი და სხვადასხვა ფორმით არაერთი შეხვედრა გაიმართა. სახელმწიფომ სექტორის მოთხოვნა გაითვალისწინა და ნულოვანი კვოტა დაწესდა კულტურულ უცხოელ გიდებზე. მას შემდეგაც იყო გარკვეული წუხილი, რომ ზოგიერთს არ ჰყოფნიდა, სხვადასხვა ენოვანი გიდი და იმისთვის, რომ მათი ხმა უგულებელყოფილი არ ყოფილიყო, ჩვენ გაერთიანებული შეხვედრა გავმართეთ.

მოვუსმინეთ სრულად ოთხივე ასოციაციას და ერთ პროფკავშირს - რეალურად მხოლოდ ესენი წარმოადგენენ გიდების ხმას საქართველოში - დავუსვით კითხვები და შეიძლება ითქვას, რომ კვლავ ერთხმად იყო დაფიქსირებული, რომ საქართველოს გიდები აკმაყოფილებენ ბაზრის მოთხოვნას, ენების თუ კვალიფიკაციის მოთხოვნების მიხედვით, და საქართველო ამ ეტაპზე არ საჭიროებს უცხოენოვანი უცხოელი გიდების კვოტირებას“, - აღნიშნა მაია ომიაძემ ჟურნალისტებთან.

ამასთან, მისივე თქმით, თუ ვითარება შეიცვლება, კვოტებთან დაკავშირებული საკითხებიც გადაიხედება.

„წლიდან წლამდე, მდგომარეობა შეიძლება იყოს ცვლადი. აქედან გამომდინარე, თუ ვთქვათ, გაჩნდება იმის საჭიროება, რომ რომელიმე ენაზე ან რომელიმე ეროვნებაზე კვოტა დაემატოს, ამას ჩვენ კვლავ ასოციაციებთან კონსულტაციის გზით განვიხილავთ“.

BMG-ის კითხვაზე, თუ როგორ წარიმართება კანონის აღსრულება და მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე გიდების იდენტიფიცირება, ომიაძე პასუხობს:

„აღსრულების მექანიზმებიც იქნება განხილული. ჯერჯერობით პროცესი სწორად მიდის და შევხედავთ. ეს არის ცოცხალი პროცესი. ძალიან კარგია პირველ ეტაპზე ის, რომ კანონით დარეგულირდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების სამუშაო უფლებები. ძალიან დიდი ხნის წუხილი იყო გიდების, რომ მათთვის სამუშაო გარემო კომფორტული არ იყო, იმიტომ რომ სამუშაო ადგილს უცხოელები ართმევდნენ“.

1 მაისიდან „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების აღსრულების ახალი ეტაპი დაიწყო. შრომის ინსპექციის სამსახური უფლებამოსილია შეამოწმოს, რამდენად იცავენ დამსაქმებლები და უცხოელი დასაქმებულები კანონით გათვალისწინებულ რეგულაციებს. დადგენილების მიხედვით, მთავრობამ მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აუკრძალა.

ახალი წესის №3 დანართის მიხედვით, შემდეგ საქმიანობებზე დაწესდა ნულოვანი კვოტა, რაც პრაქტიკულად ნიშნავს ამ სფეროების ჩაკეტვას უცხოელებისთვის:

საკურიერო მომსახურება - კვოტა 0;

მგზავრების გადაყვანა (ტაქსი/ტრანსპორტი) კვოტა 0;

გიდების სერვისი - კვოტა 0.

კანონის ნორმებისთვის თავის არიდება გამოიწვევს დაჯარიმებას. ფინანსური სანქციები გავრცელდება როგორც კომპანიებზე, ისე დასაქმებულებზე, მათ შორის თვითდასაქმებულ უცხოელებზეც.

BMG

92