დღეს გვქონდა მნიშვნელოვანი ღონისძიება, შევაჯამეთ ტურიზმის და ავიაციის ინდუსტრიის 2023 წლის შედეგები, განსაკუთრებით შთამბეჭდავია შედეგები, რომელიც გვაქვს ტურიზმში, ავიაციაში, რეკორდული შემოსავალი მიიღო ჩვენმა ქვეყანამ ტურიზმის ინდუსტრიიდან, რომელმაც გადააჭარბა 4.1 მილიარდ ამერიკულ დოლარს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ასევე, რეკორდული მგზავრთნაკადი დაფიქსირდა სამივე საერთაშორისო აეროპორტში ჯამურად და საქართველომ უმასპინძლა ექვს მილიონზე მეტ მგზავრს სამივე საერთაშორისო აეროპორტში.
„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გაზრდილია წილი ევროკავშირის და სხვა ქვეყნების წილი ქვეყნის ტურისტების რაოდენობაში, ისევე როგორც შემოსავლებში, სადაც ჩვენ გვაქვს პირდაპირი ფრენები. ჩვენ, ასევე შთამბეჭდავი შედეგი გვაქვს იმ კუთხით, რომ გასულ წელს შემოვიყვანეთ ყველაზე დიდი რაოდენობით ახალი ავიაკომპანიები, ჯამში ცხრა ავიაკომპანია და ჩვენს საავიაციო ბაზარს დავამატეთ 21 ახალი პირდაპირი მიმართულება, საიდანაც რვა გახლავთ ევროპული მიმართულება. ავიაციის ყველა პარამეტრში გვაქვს ძალიან კარგი გაუმჯობესება, გაზრდილია ახალი ავიაკომპანიების, პირდაპირი ფრენების რაოდენობა, ასევე გაიზარდა ევროპული მიმართულების რაოდენობა, შესაბამისად ეს ყველაფერი დადებითად აისახება ტურისტულ ნაკადებზე“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს აქვს ძალიან ამბიციური გეგმები, რომ მიმდინარე წელი იქნება ახალი წარმატების, ახალი ისტორიული შედეგების, ახალი რეკორდული მონაცემების წელი.
„იმისთვის, რომ ჩვენი ტურისტის ინდუსტრია კიდევ უფრო გავზარდოთ, გვაქვს მოლოდინი, რომ მიმდინარე წლის ბოლოს სწორი სტრატეგიით და სამოქმედო გეგმით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში ტურიზმიდან შევძლებთ შევიტანოთ 4.5 მილიარდზე მეტ ამერიკულ დოლარს და ასევე, ჩვენი ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში ვუმასპინძლებთ 6.8 მილიონ მგზავრს. ეს, რა თქმა უნდა, იქნება უდიდესი ღირებულების მატარებელი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერება აისახოს ჩვენი საზოგადოების, მოქალაქეების კეთილდღეობაზე, ტურიზმმა განაგრძოს და იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში და განაგრძოს, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები ჩვენი ქვეყნის ყველა რეგიონში, დაბასა თუ სოფელში“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.