დედაქალაქის მერი აბასთუმანში ფონდ „ქართუს“ მიერ განხორციელებულ რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ ბრალდებას გამოეხმაურა და ჟურნალისტებს მოუწოდა, საზოგადოებას მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია მიაწოდონ.
კახა კალაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი არის ერთადერთი, ვინც ამ საკურორტო ქალაქში ინვესტიცია განახორციელა.
„შეგიძლიათ ინფორმაცია მარტივად გადაამოწმოთ. ჩემი თხოვნა იქნება, სისულელეზე და სიცრუეზე არ გააკეთოთ სიუჟეტები და საზოგადოება არ შეიყვანოთ შეცდომაში. ძალიან მარტივად შეიძლება უაზრო ბრალდებების გადამოწმება. აბასთუმნის სრული განახლება მიმდინარეობს. ეს კურორტი წლების განმავლობაში მიგდებული იყო. რამეს ხომ არ ვაჭარბებ?! - ხომ ასე იყო. არანაირი ყურადღება არ ექცეოდა. ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით და უშუალო ჩართულობით დაიწყო რეაბილიტაცია. პირველი იყო, ვინც კონკრეტული ინვესტიცია განახორციელა. იქ მცხოვრებთა საკუთრებაში არსებულ სახლებსაც სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა „ქართუმ“ გააკეთა და თქვენ გვეუბნებით ახლა, რომ ვიღაცას თურმე აბასთუმანში არ უშვებენ. ეს ხომ სასაცილოა და ლოგიკაში საერთოდ არ ჯდება. ამიტომ, გთხოვთ, არ შეიყვანოთ საზოგადოება შეცდომაში, გადაამოწმეთ ინფორმაცია და სიმართლე უთხარით მოსახლეობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.