მხოლოდ საჰაერო მიმოსვლის ამოქმედება ქვეყანას ტურისტების მოზიდვის მიმართულებით ვერაფერს მოუტანს, - ამის შესახებ ტურისტული კომპანია Discover Georgia-ს დამფუძნებელმა ნინო კეკელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეკონომიკის სამინისტროში ტურიზმის დარგთან ჩანიშნულ შეხვედრა ტურიზმში არსებული შეზღუდვების შესახებ მსჯელობას ემსახურება.
„ჩვენი მხრიდან გვაქვს არგუმენტები, რომელიც რეგულაციების გახსნასთანაა დაკავშირებული. საერთაშორისო ფრენების აღდგენის შემდეგ უმნიშვნელოვანესია ქვეყნის შიგნით მოხდეს შემომყვანი ტურიზმის სტიმულირება, რაც მოიაზრებს სხვადასხვა კვების თუ განთავსების ობიექტების გახსნას და რეგულაციების შემსუბუქებას. ეს უმნიშვნელოვანესია, რადგან ქვეყნებს შორის მხოლოდ საჰაერო მიმოსვლა არაფერს მოგვცემს თუ ჩამოსულ ტურისტს ადგილზე სხვადასხვა სერვისს არ შევთავაზებთ“, - განაცხადა ნინო კეკელიძემ.
Discover Georgia-ს დამფუძნებელი თვლის, რომ შექმნილ მდგომარეობაში სექტორი ვერ ხვდება არსებულ კითხვებზე პასუხები რომელი უწყებისგან უნდა მიიღოს.
„ისეთ კრიტიკულ მდგომარეობაშია ქვეყანა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქმედითი ნაბიჯები და სწორი სამოქმედო გეგმა და ამ ყველაფრის შესრულება. ყველაზე კრიტიკულია ის, რომ ტურიზმში არ გვყავს ერთი კოორდინირებული ორგანო, რომლისგანაც მოვისმენთ კონკრეტულ ნაბიჯებს. დღეს ტურიზმში კერძო სექტორი დაბნეულია, არ ვიცით შეკითხვებზე რომელმა სტრუქტურამ უნდა გაგვცეს პასუხი და ესეც ერთ-ერთი ნაბიჯია მდგომარეობის გამოსწორების თვალსაზრისით“, - აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა.
კითხვაზე - მიიჩნევს თუ არა ის, რომ ამის კონკრეტული მიზეზი ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტის ვაკანტურობაა, ნინო კეკელიძე პასუხს ვერ სცემს და აცხადებს:
„ტურიზმის ინდუსტრია ძალიან ჯაჭვურ რეაქციაში მყოფია, მით უმეტეს თუ პანდემიას გავითვალისწინებთ, დღეს მხოლოდ ტურიზმი არ მართავს მსოფლიოს. დღეს მსოფლიოს მართავს ჯანდაცვა, შესაბამისად, სხვადასხვა მომიჯნავე დარგების კოორდინირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორში მყოფმა კომპანიებმა ვიცოდეთ ზუსტი წესები - რის მიხედვით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა“.