ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა ბაკურიანის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში არეალსის გუნდური ფინალის გამარჯვებულები დააჯილდოვა. გამარჯვებულებს, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, ჯილდოები გადასცა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალური მდივნის მოადგილემ, ნიკლას კარლსონმა.
ფინალური შეჯიბრი კოხტას მთაზე გაიმართა. პირველი ადგილი აშშ-ის გუნდს ერგო, მეორე ჩინეთს, მესამე ადგილი კი უკრაინის გუნდმა მოიპოვა.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ღონისძიების შემდეგ, ბაკურიანში წარმატებით მიმდინარეობს სპორტული ასპარეზობები. მისივე თქმით, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ ჩემპიონატის ფარგლებში ამ დრომდე ჩატარებულ ყველა ასპარეზობას უმაღლესი შეფასება მისცა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო, ბაკურიანი ღონისძიების მართლაც ღირსეული მასპინძელია.
საქართველო ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს, რომელიც 18 თებერვალს ბაკურიანში საზეიმოდ გაიხსნა. მსოფლიო ჩემპიონატში 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.