საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთში, მადრიდში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში FITUR-2024 მონაწილეობს.
გამოფენას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ესწრება. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და კერძო სექტორია წარდგენილი.
„საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ეროვნული სტენდით წარმოდგენილია ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ესპანეთში. ჩვენთან ერთად კერძო სექტორის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ, რომლებიც საქმიან ურთიერთობებს ამყარებენ საერთაშორისო ტუროპერატორებთან. გამოფენა 5 დღე გაგრძელდება და შესაძლებლობა გვაქვს ჩვენს ქვეყანას გავუწიოთ პოპულარიზაცია და საქმიანი ურთიერთობები დავამყაროთ. შეხვედრები გვაქვს საერთაშორისო მედია პლატფორმებთან, როგორიცაა National Geographic, ასევე ავიაკომპანიებთან, ტურისტულ კომპანიებთან. ვფიქრობ, ეს გამოფენა ძალიან წარმატებული იქნება და ბევრ საერთაშორისო მოგზაურს მოიზიდავს საქართველოში“, - განაცხადა მაია ომიაძემ.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, FITUR-2024-ზე საქართველოს სტენდთან გამოფენის სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებსა და საიმიჯო ვიდეო რგოლებს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, FITUR-2024 მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენაა, სადაც 130-ზე მეტი ქვეყნიდან 9 ათასამდე მეტი კომპანიაა წარდგენილი. მადრიდის ტურისტულ გამოფენას წელს დაახლოებით 136 ათასი სტუმარი ჰყავს.