საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა CNN Turk-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპას არ სურს ომის გაფართოება, ამიტომ სამხედრო ინტერვენცია არ იქნება.
ამასთან, ბორელმა აღნიშნა, რომ ევროპულმა მხარემ მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინას და რუსეთის ეკონომიკას ზიანი მიაყენოს, რათა კრემლმა ომი არ გააგრძელოს.
ბორელის თქმით, ამჟამად ყველა ცდილობს რთული ბალანსის პოვნას, არსებული სიტუაციის მოსაგვარებლად. ამავდროულად მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი შეშფოთებულია, რადგან ვლადიმერ პუტინმა საომარი მოქმედებები შეიძლება, გააფართოოს სხვა ქვეყნებში.
„ერთი მხრივ, ჩვენ ვცდილობთ, მხარი დავუჭიროთ უკრაინას, მეორე მხრივ კი, ვცდილობთ დიდი ომის თავიდან არიდებას. პუტინის წინაშე თავი არავინ უნდა იმართლოს, რადგან მან შეიძლება, თავისი სამხედრო საქმიანობა გააფართოოს. ეს შეიძლება, იყოს ნატო-ს ერთი ან მეორე ქვეყნის წინააღმდეგ. ეს სერიოზული შეშფოთებაა. პუტინი გააგრძელებს შეტევებს და ჩვენ უნდა შევზღუდოთ მისი თავდასხმები. რუსეთის საერთაშორისო თანამეგობრობიდან იზოლირება უნდა მოვახდინოთ და უკრაინას მხარი დავუჭიროთ“, – განაცხადა ბორელმა.
ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე უკრაინის განაცხადთან დაკავშირებით ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა დაუყოვნებლივ დადებითად უპასუხა.
„უკრაინა ეკუთვნის ევროპულ ოჯახს. ეს აშკარა ფაქტია გეოგრაფიულად და ისტორიულად. არის გარკვეული პროცედურები. ჩვენც დავიწყეთ ეს პროცესი“, – განაცხადა ბორელმა.