„2023 წელს საქართველოში სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება“ – ამ სათაურით მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენის ITB Berlin ჟურნალი სტატიას აქვეყნებს. ონლაინგამოცემა მკითხველს საქართველოს ზამთრის კურორტებს აცნობს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
„საქართველოს თოვლით დაფარული მთები 1200 კილომეტრზეა გადაჭიმული. მთები ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი სიმდიდრეა უძველეს კულტურასთან, გემრიელ კერძებთან, ღვინის მომზადების ტრადიციასა და სტუმარმასპინძლობასთან ერთად. მოგზაურებს საქართველოში, სამთო კურორტებზე ძალიან მაგარი თავგადასავლების მოწყობა შეუძლიათ. გუდაურსა და ბაკურიანში ინფრასტრუქტურა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით განახლდა. სულ ახალი კურორტებია გოდერძი და მესტია“, – წერს ITB Berlin.
სტატიაში მოყვანილია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის ციტატა: „ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა და მიღწევაა, ეს ხელს უწყობს არა მხოლოდ ამ კურორტების ეკონომიკურ განვითარებას, არამედ ზამთრის სპორტის დახვეწას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას“.
ITB Berlin-ის ჟურნალის ცნობით, საქართველო 2023 წელს, ბერლინში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „ITB Berlin“ მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება, ქვეყანა უკვე ემზადება მომავალი წლის გამოფენისთვის, სადაც საქართველოს ერთიანი საპრომოციო სტენდი განთავსდება, სადაც გამოფენის სტუმრები საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს გაეცნობიან.