საკურორტო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, დღეს ბათუმში ფესტივალი „ზაფხული იწყება აქ“ გაიხსნება. ფესტივალი ტრადიციულად ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება და წელს პირველად ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
დღის განმავლობაში ფესტივალზე იფუნქციონირებს ღია კაფე-ბარები, ზღვის სანაპიროზე გაიმართება ფრანების შოუ, 16:00 საათიდან კი ფესტივალზე მრავალფეროვანი სპორტულ-გასართობი აქტივობებია დაგეგმილი: დრამების შოუ, პანტომიმა, ავიაშოუ, საბავშვო აქტივობები, Street Art და სხვა გასართობი ღონისძიებები, რაც ყველა ასაკისა და კატეგორიის სტუმარზე იქნება გათვლილი.
ფესტივალის მუსიკალურ პროგრამაზე, რომელიც ანბანის კოშკთან 16:00 საათის შემდეგ დაიწყება, ქართველი შემსრულებლები, ბენდები და დიჯეები იზრუნებენ. მათ შორის იქნებიან ადგილობრივი და მოწვეული ბენდები „სალიო“, „არა“, „მონსტერ ლობსტერი“, LOUDSPEAKERS, ნუცა ბუზალაძე, „ანიკი“ „ასეა სულ“, „ლურჯი იალქანი“ და სხვა.