2026 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოში შემომსვლელი ტურისტებისთვის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა სავალდებულო იქნება.
შესაბამისი ცვლილებები „ტურიზმის შესახებ“ კანონში შედის. აღნიშნული საკითხი 2024 წლის 1-ელი ივნისიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ამ თარიღის გადავადება იგეგმება.
ცვლილებების ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან. მათი განმარტებით, ახალი რეგულაციების დანერგვა და ამოქმედება მრავალსაფეხურიან მოსამზადებელ პროცესს საჭიროებს, მათ შორის კერძო სექტორის, ასევე უცხო ქვეყნის საელჩოებისა და საკონსულოების სათანადო ინფორმირებას, საინფორმაციო კამპანიების წარმოებას და სხვა შესაბამისი სახის ღონისძიებების გატარებას, რაც ეფექტიანად დაეხმარება სექტორს აღნიშნულ ცვლილებებთან ადაპტირების პროცესში.