თბილისის მასშტაბით, 2022-2023 წლებში, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა, სავარაუდოდ, კიდევ 5-7 ლოკაციაზე დაინერგება.
როგორც „ინტერპესნიუსს“ თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ვიქტორ წილოსანმა განუცხადა, ვაკის, საბურთალოს, ყოფილი კოლმეურნეობის მოედნისა და ყოფილი ლესელიძის ქუჩის გარდა, ზონალურ-საათობრივი პარკირება, შესაძლოა, იყოს გლდანში, ვარკეთილში და დიდუბეში, მათ შორის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, წერეთელზე და დიღომში.
„გეტყვით, რომ ზონალურ-საათობრივი პარკირების გაფართოება იგეგმება, თუმცა, მნიშვნელოვანია ეს განვიხილოთ სატრანსპორტო პოლიტიკის ჭრილში. შესაბამისად, ზონალურ-საათობრივი პარკირება იგეგმება ისეთ ადგილებში, სადაც ავტომობილების კონცენტრაციაა მაღალი და ასევე აუცილებელია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ხელმისაწვდომი. მომდევნო წლებში, შესაძლოა, 5-7 ლოკაცია დაემატოს. შეიძლება იყოს ეს გლდანი, დიღომი, წერეთელი, ვარკეთილი, დიდუბის მეტროს ტერიტორია. ეს იქნება 2022-2023 წელზე გაწერილი. ლოკაციები დაემატება საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებასთან ერთად“, - განაცხადა წილოსანმა.