როგორც იცით, უახლოეს მომავალში დაიწყება მეტროსადგურ ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია საქვეითე სივრცის კეთილმოწყობა, რათა ის გახდეს უფრო უსაფრთხო და კომფორტული ქვეითთათვის. გაფართოვდება ტროტუარები, მოეწყობა მანქანების პარკირებისგან დამცავი ჯებირები, მოეწყობა ახალი გამწვანებული თარგები და ა.შ. ამის შესახებ სამგორის რაიონის მაჟორიტარი, რეზი სოხაძე წერს.
მისივე თქმით, ამ მიზნით ტროტუარებზე აიკრძალება გარევაჭრობა და ტერიტორიიდან აღებული იქნება ყველა უკანონოდ განთავსებული ნაგებობა.
"ვინაიდან ბევრ თქვენგანს აინტერესებს გარემოვაჭრეთა ბედი, რომ დარწმუნდეთ იმაში, რომ მუნიციპალიტეტი არ აპირებს და არც არასდროს აპირებდა ამ ხალხის უყურადღებოდ და ბედის ანაბარა დატოვებას, გადავწყვიტე თქვენც გაგიზიაროთ მოლაპარაკების დეტალები.
იმედი მაქვს ყველა ვთანხმდებით, რომ ტროტუარი არის ქვეითთათვსი განკუთვნილი სივრცე, ხოლო ვაჭრობისთვის არსებობს ბაზარი. სწორედ ამიტომ, ამ ტერიტორიაზე გარევაჭრობით დაკავებულ ადამიანებს მუნიციპალიტეტმა შეთავაზა მიმდებარე ბაზრებში გადასვლა. ეს პირობები რომ მათთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და მისაღები ყოფილიყო, რამოდენიმე დღის წინ გვქონდა შეხვედრა ბაზრობის ადმინისტრაციასთან. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ ხუთი თვის განმავლობაში ეს ადამიანები არანაირ გადასახადს არ გადაიხდიან.
შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ისინი ამ შეთავაზებას დათანხმდებიან და ბაზრის ტერიტორიაზე გადაინაცვლებენ, მათ შეექმნებათ ყველანაირი პირობა კომფორტული საქმიანიბისათვის და ხუთი თვის შემდგომაც ისარგებლებენ მაქსიმალური შეღავათებით.
დღეს უკვე ადმინისტრაციასთან ერთად შევხვდით გარემოვაჭრეების ნაწილს და მათ გავაცანით ეს პირობები" , - წერს რეზი სოხაძე.
მისივე აზრით, მიღებული გადაწყვეტილებები სამართლიანი და ყველასთვის მომგებიანია.
"ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორია უნდა მოწესრიგდეს და ამას ალტერნატივა არა აქვს.
აქვე, ამ ყველაფრისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ბაზრობა "ვარკეთილი 96"-ის ადმინისტრაციას!", - ამბობს რეზი სოხაძე.