თბილისის მერიას ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეთა გაყვანა სურს. კახა კალაძის განცხადების მიხედვით, აღნიშნულის წინაპირობა გახდა უკმაყოფილო მოქალაქეთა შეტყობინებები, რომლებიც მეტროს მიმდებარედ ტროტუარების გადატვირთულობაზე ჩივიან.
„ძალიან ბევრი ზარი და შეტყობინება შემოვიდა იმასთან დაკავშირებით, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ტერიტორიაზე ფეხით გადაადგილება პრობლემას წარმოადგენს.
თემა ეხება გარემოვაჭრეებს, რომელთაც დაკავებული აქვთ ტროტუარი“, — თქვა მერმა 26 იანვარს, ქალაქის მთავრობის სხდომაზე.
კალაძემ დასძინა, რომ მეტროს მიმდებარედ სავაჭრო სივრცეები არსებობს და სამგორის რაიონის გამგებელს დაავალა, მოელაპარაკოს აღნიშნული ობიექტების დირექციას, “რომ იმ მოქალაქეებმა, რომლებიც გარეთ ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას, შესაბამისი მიზნით გამოყოფილ სივრცეში გადაინაცვლონ”.
ვარკეთილის მეტროს 3 ამოსასვლელი აქვს. წლებია, მიმდებარედ გაშლილ, დიდი თუ მცირე ზომის დახლებზე ადამიანები ხილ-ბოსტნეულს, წვრილ საყოფაცხოვრებო ნივთებსა და ტანისამოსს ყიდიან.