უკრაინაში შეჭრა და სამხედრო 1მოქმედებების წარმოება არის მიუღებელია, ეწინააღმდეგება საერთო სამართლის წესებსა და ყველანაირ პრინციპებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იქ მიმდინარე ომი შემაშფოთებელია.
„რთულია, ემოციების გარეშე უყურო ამ ყველაფერს. ყველას გვტკივა თითოეული დაკარგული სიცოცხლე, თითოეული ცრემლი და ჭრილობა. მე უკრაინასთან განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს. გარკვეული წლების განმვალობაში, ჩემი წინა ცხოვრებიდან გამომდინარე, მომიწია უკრაინაში ცხოვრება, კონკრეტულად კიევში და ძალიან ბევრი დასამახსოვრებელი კარგი დღეები და წუთები მახსოვს. ბევრი წარმატება, ბევრი გამარჯვება და ძალიან დიდი სიყვარული მაკავშირებს უკრაინელ ხალხთან. მინდა, ჩემი სოლიდარობა გამოვუცხადო უკრაინელ ხალხს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ უკვე დაიწყო ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა უკრაინაში ქართველი ხალხის სახელით, რაც მისასალმებელია.
„ჩვენი ქვეყანა მკაფიო პოლიტიკურ მხარდაჭერას აფიქსირებს ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის მიმართ. თბილისი და კიევი დაძმობილებული ქალაქები არიან, ასევე ჩვენ გყვავს პარტნიორი ქალაქები უკრაინიდან და აუცილებლად ჩავერთვებით იმ ჰუმანიტარულ დახმარებაში, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ახორციელებს. შევუერთდებით ცენტრალურ ხელისუფლებას ამ წამოწყებაში. ასევე ძალიან ბევრი ადამიანის ზარი შემოდის, ჩვენი მეგობრების, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ძალიან აქტიურობენ და ყველა გამოხატავს მზადყოფნას ჩაერთოს ამ მხარდამჭერ აქციაში.
ჩვენ კარგი გამოცდილება გვაქვს ამ მიმართულებით, პანდემიის დროს ძალიან აქტიურები ვიყავით ბიზნესთან ერთად, რიგით მოქალაქეებთან ერთად ხდებოდა გარკვეული პროდუქტების შეგროვება, შემდეგ ამ პროდუქტის დარიგება მოსახლეობისთვის. მინდა, ილია ელოშვილს დავავალო ანალოგიურად მოხდეს კონკრეტული ადგილის გახსნა, სადაც ჩვეულებრივ რიგით მოქალაქეებსაც ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთონ ამ აქციაში და შეუერთდნენ ცენტრალურ ხელისუფლებას და მხარი დავუჭიროთ უკრაინელ ხალხს. ბიზნესიც გამოთქვამს სრულ მზადყოფნას.
ასევე მინდა შეგახსენოთ, საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს, ვინც ამ ეტაპზე ვერ ახერხებს სამშობლოში დაბრუნებას, პირველივე დღეებიდანვე გაეწიათ დახმარება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო მათ განთავსება სასტუმროებში და კვებით უზრუნველყოფა. ჩვენ ჩვენის მხრივ გვინდა ჩაერთოთ ამ ღონისძიებებში.
ვიცი, რა განცხადებებიც იქნა გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინიდან ადამიანებს გაჰყავთ თავიანთი ოჯახები და საქართველო მზად არის, ეს ოჯახები მიიღო. პირადად მე, ჩემს მეგობრებთან ერთად მზად ვარ, ეს ოჯახები მივიღო საქართველოში და პირადად მეც ჩავერთო, ჩემი სახსრებით და უზრუნველყო ამ ადამიანების განთავსება და ყურადღება მივაქციოთ, ვიდრე მშვიდობა არ დაისადგურებს უკრაინაში. გამოვიჩინოთ მაქსიმალური თანადგომა, მაქსიმალური მხარდაჭერა ამ ოჯახებს.
შეიძლება ძალიან უმნიშვნელო იყოს, პატარა რაღაც, მაგრამ თბილისის მერია საჭიროების შემთხვევაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით უკრაინელი მოქალაქეების გადაადგილება იქნება უფასო. ჩემი თხოვნა იქნება, აბონიმენტების დარიგება მოხდეს, ეს ისეთი არაფერია, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ამის შესაძლებლობაც ექნებათ.
როგორც ქართველს, როგორც ამ ქვეყნის რიგით მოქალაქეს, განსაკუთრებით მეამაყება, რომ საქართველოს დიპლომატიური მისია, იმ ერთეულებს შორის არის, ვინც ამ ძნელბედობის ჟამს არ მიატოვა უკრაინა და უკრაინაში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები და მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მათ ამისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.