jan-medi
ავერსი საქკაბელი

 ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია იწყება. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები წყნეთის გზატკეცილის N6-დან (ე.წ. ბაგების კუნძულებიდან) ბაგების დასახლების ახალ საავტომობილო ხიდამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ჩატარდება.

დაგეგმილი სამუშაოების გამო, 15 ივნისის 00:00 საათიდან ოთხი თვის განმავლობაში გზის აღნიშნულ მონაკვეთში ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება.

ტერიტორიაზე გადაადგილებას საკუთარი ავტომობილებით მხოლოდ ადგილობრივი მცხოვრებლები შეძლებენ. სხვა სატრანსპორტო საშუალებები ილია ჭავჭავაძის გამზირიდან წყნეთის მიმართულებით გადაადგილდებიან თამარაშვილის გამზირის, უნივერისტეტის ქუჩისა და საბურთალო-ბაგების დამაკავშირებელი ხიდის გავლით, ხოლო წყნეთისა და ბაგების მხრიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით კერძო ავტომობილების მძღოლები იმოძრავებენ საბურთალო-ბაგების დამაკავშირებელი ხიდის, უნივერსიტეტის ქუჩისა და თამარაშვილის გამზირის გავლით.

წყნეთის გზატკეცილზე და უჩანეიშვილის ქუჩის კვეთაზე არსებული საავტომობილო კვანძიდან ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება, როგორც უჩანეიშვილის ქუჩის, ისე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმართულებით.

რეაბილიტაციის ფარგლებში ცვლილებები შევა ავტობუსების მარშრუტებშიც. კერძოდ, N345 და N351 წყნეთის გზატკეცილზე მოძრაობას დაასრულებენ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე. ავტობუსები: N307, N354 და N359 ჭავჭავაძის გამზირიდან (ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან) გადაადგილდებიან თამარაშვილის გამზირზე, იმოძრავებენ უნივერსიტეტის ქუჩისკენ, რის შემდეგაც, ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდით გადავლენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელთან, N354 ავტობუსი კი მოძრაობას წყნეთის მიმართულებით გააგრძელებს. აღნიშნული ავტობუსები უკუმიმართულებით იმავე მარშრუტით, ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდით, უნივერსიტეტის ქუჩისა და თამარაშვილის გამზირის გამოყენებით გადაადგილდებიან.

რაც შეეხება N334-ის მარშრუტს, ავტობუსი მეტროსადგურ „დელისიდან“ დაუკავშირდება თამარაშვილის გამზირს, უნივერსიტეტის ქუჩას, შემდეგ კი ბაგების ახალი ხიდით წყნეთის გზატკეცილზე გადაინაცვლებს, საიდანაც იმოძრავებს დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას, ავტობუსი იმოძრავებს ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის, ასევე, უნივერსიტეტის ქუჩის გამოყენებით, რის შემდეგაც თამარაშვილის გამზირიდან დაუკავშირდება მეტროსადგურ „დელისს“.

86