დღეს დილიდან N302 მარშრუტზე MAN-ის მარკის ცხრა ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი გავიდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„თქვენ იცით, რომ ჩვენ შევისყიდეთ 18-მეტრიანი ავტობუსები. ეს არის იმ მნიშვნელოვანი სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ყველაზე კომფორტული. დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უნდა იყოს ყველაზე სწრაფი. საზოგადოებრივი ტრანსპორტტი უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი. რა თქმა უნდა, ყველაფერს ვაკეთებთ ამ მიმართულებით. ცხადია, არსებობს გამოწვევები, პრობლემები. ეს გამოწვევები და პრობლემები რომ არ ყოფილიყო, ცხადია, ამხელა რეფორმის განხორციელებას არ დავიწყებდით, არ შევიძენდით ამდენ ავტობუსს. გვინდა, უკეთესი გავხადოთ ჩვენი ქალაქი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ერთ-ერთი საუკეთესო, ამისკენ მივისწრაფვით და ამ ყველაფრისკენ გვაქვს მთელი ენერგია ჩადებული, რათა ეს განვახორციელოთ. ცხადია, ერთი ხელის მოსმით და ერთ დღეში, ორ დღეში ეს არ გამოდის, გარკვეული დრო სჭირდება, კონკრეტული ეტაპებია. არის სირთულეები, გამოწვევები, მტკივნეული ნაბიჯებიც არის გადასადგმელი, რასაც ასე ერთობლიობაში ვერ გააკეთებ. ამას სჭირდება გარკვეული დრო, გარკვეული ეტაპები, ეს ყველაფერი გაწერილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, არასდროს აურიდებია თვალი ქალაქში არსებული პრობლემებისთვის და შემთხვევითი არ არის, რომ 18-მეტრიანი ავტობუსები დიდი დიღმის მიმართულებით იმოძრავებს.
„კარგად ვიცით მე, ჩემმა თანამშრომლებმა, გამგებლებმა, მთავრობის წევრებმა, რომელ უბანს რა პრობლემები აქვს, რა გამოწვევების წინაშე დგას და შემთხვევითი არ არის, რომ ეს ავტობუსები, ცხრა ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი დიდი დიღმის მარშრიტზე შევიყვანეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დღეიდან აღნიშნული ავტობუსები დიდი დიღმის დასახლებიდან სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით იმოძრავებს და ამ მარშრუტზე მოძრავ ათამდე 12-მეტრიან ავტობუსს ჩაანცვლებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, 18-მეტრიანი ავტობუსების ნაკადის შემოსვლა დეკერმბერში დაიწყო, 50 ერთეული უკვე თბილისშია და მიმდინარეობს მათი მომზადება ხაზზე გასასვლელად – აღჭურვა, მოწესრიგება. კალაძის განმარტებით, ავტობუსები ხაზებზე ეტაპობრივად გავა.
„მთლიანად ნაყიდი გვყავს 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი. თავიდან ვსაუბრობდით, რომ გვინდოდა 200, მაგრამ, რისი შესაძლებლობაც იყო, ვიყიდეთ 160 ერთეული და ვაპირებთ იმ დარჩეული 40 ერთეულის ყიდვასაც, რომ შეივსოს და რაც არის მოთხოვნა, მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ. აღნიშნული ავტობუსები, იცით, რომ გაზზე მომუშავეა, გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები, რომელიც გათვლილია კლიმატურ პირობებზე. ავტობუსები ასევე აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო სისტემით, ვიდეომონიტორინგის სისტემით, მობილურის დასატენი წერტილებით, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას სატრანსპორტოი პოლიტიკის ფარგლებში და ბევრი საინტერესო ღონისძიების გატარება მოგვიწევს, პროექტის განხორციელება, რაც მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით“, – დასძინა კახა კალაძემ.