დღეს, თბილისში, სიონის ქუჩაზე „ქართული ღვინის ფესტივალი 2024“ გაიმართება.
ფესტივალის ორგანიზატორების ინფორმაციით, მასში ღვინის მცირე, საშუალო და დიდი მეღვინეობები, ოჯახური მარნები, ხელნაკეთი ნივთები, სხვადასხვა კვების ობიექტები და სხვა ქართული პროდუქციის მქონე კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას.
„სტუმრებს ფესტივალი საუკეთესო სიახლით დახვდება. სპეციალურად ქართული ღვინის ფესტივალისთვის მოწვეულ იქნებიან სომელიეები: თეონა თოხაძე Wset Level 3, დიმიტრი ლელაძე Wset Level 3, ირაკლი კვანტრიშვილი WSET Lelev2 და საბა ქიტიაშვილი Wset level 2, რომლებიც, 17:00 საათზე, გამოავლენენ თავიანთ რჩეულ ღვინოებს სხვადასხვა ნომინაციაში.
მნიშვნელოვანია, რომ სომელიე და ღვინის ბლოგერი თეონა თოხაძე ჩაატარებს ორ სესიას ინგლისურ და ქართულ ენებზე -„ყნოსვის ტრენინგი - ღვინის არომატების აღმოჩენა“ "Aroma Quest: Decoding Wine Aromas".
ფესტივალში მონაწილე ყველა კომპანიას გადაეცემა სერტიფიკატი.
მოსულ სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა დააგემოვნონ ღვინის ნაყინი და შოკოლადი.
ნაყინის როლები წარმოდგენილი იქნება როგორც თეთრი, ისე წითელი ღვინის არომატით - საფერავის ნაყინი ბროწეულისა და მოცვის კომბინაციით, ხოლო თეთრი - ტვიშის ნაყინი კრემყველის დანამატით.
რაც შეეხება ღვინის შოკოლადს, დამზადებულია თეთრი და წითელი ღვინის ბაზაზე, ხელნაკეთი და ნატურალურია.
ფესტივალზე ქართული თემატიკით დატვირთული პროგრამა დაგხვდებათ: მუსიკალური გაფორმება, სომელიეების მასტერკლასი, გათამაშებები,დრამების შოუ,ქსოვრელები, დეგუსტაცია, გამოფენა-გაყიდვა და უამრავი სხვა აქტივობა.
ქართული ღვინის ფესტივალი 12 ოქტომბერს, სიონის ქუჩაზე 12:00 საათზე გაიხსნება და 19:00 საათამდე გაგრძელდება. დასწრება ყველა ღვინის მოყვარულისთვის თავისუფალია“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.