gorgia
ავერსი legi

თბილისში, ახალაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში 762 დევნილ ოჯახს ახალი ბინები გადაეცა.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თვალჭრელიძის ქუჩაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი 11 კორპუსს აერთიანებს.

მათივე ცნობით, უკვე დასრულდა ოთხი კორპუსის მშენებლობა, სადაც ახალი ბინები გადაეცათ ე.წ. კომპაქტური განსახლების შენობებში მცხოვრებ დევნილებს.

„სიმბოლურად ბინების გასაღებები ახალმოსახლეებს გადასცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ და თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

კომპლექსის მშენებლობა სრულად 2026 წელს დასრულდება და ჯამში 2 426 დევნილი ოჯახი განახლდება. პროექტის ბიუჯეტი 243 613 670 ლარია. სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებს კომპანია „ანაგი“ ახორციელებს. პროექტი გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 11 860 000 ლარი გამოიყო. საცხოვრებელ კომპლექსის ეზოში სტადიონები, ბავშვთა გასართობი მოედნები და სავარჯიშო სივრცეები მოეწყობა. ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ დაბრუნებამდე თითოეული დევნილი ოჯახისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა კვლავ რჩება სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, სრულად გარემონტებული ბინები ჯამში 1 614 დევნილ ოჯახს გადაეცა. მიმდინარე წლის სექტემბერში ქუთაისში, ნიკეასა და შერვაშიძის ქუჩებზე, თანამედროვე საცხოვრებელ კომპლექსში განსახლდა 852 ოჯახი. ამ ეტაპზე, თბილისის პარალელურად, საცხოვრებელი კომპლექსები სამ ქალაქში შენდება. 800 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, ოთხი კორპუსი შენდება რუსთავში, შვიდი კორპუსი ზუგდიდში, სადაც 1 747 დევნილი ოჯახი მიიღებს ბინას. ბორჯომში კი, საცხოვრებელი პროექტი 150 დევნილი ოჯახის განსახლებას ითვალისწინებს. სამივე პროექტი ითვალისწინებს გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობასაც.

აღნიშნული მასშტაბური სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდგომ, ქვეყანაში არსებული დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ყველა ობიექტი დაიხურება და იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინები გადაეცემათ. ამასთან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, დევნილი ოჯახები საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავად არჩევენ კერძო სახლს, რომლის შესყიდვასაც სახელმწიფო უზრუნველყოფს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

79