jan-medi
ავერსი შნაიდერი

 2025 წელს თბილისს ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი ექნება. ევროპულმა ორგანიზაციამ ACES Europe-მა, რომლის კომისია საქართველოში იმყოფება, დღეს, სტატუსის მოსაპოვებლად გამართული პრეზენტაციის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

მას შემდეგ, რაც კომისიამ სტატუსის მინიჭების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, დედაქალაქის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ ის წინაპირობები განმარტა, რაც აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა.

„ძალიან სასიხარულო დღეა ჩვენთვის. დღეს გვქონდა კანდიდატის სტატუსის დაცვა და წარვუდგინეთ პრეზენტაცია aces europe-ის პრეზიდენტს და ასოციაციის გუნდს. მიუხედავად ასოციაციის მიერ დადგენილი პროცედურებისა, თბილისმა დღესვე მიიღო საბოლოო პასუხი და გახდა ევროპის 2025 წლის სპორტის ქალაქი. მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა დედაქალაქში. უპირველესად, ეს არის შეცვლილი პოლიტიკა, ეს არის ძალიან ბევრი პროექტი სპორტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით, აგრეთვე არაერთი საერთაშორისო ღონისძიება, რომელსაც თბილისმა უმასპინძლა. რაც მთავარია, ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, რაც თბილისის მერის ინიციატივაა და ძალიან სასიხარულოა, რომ საერთაშორისო დონეზე ხდება ამის აღიარება. ჩვენთვის ეს დიდი პატივია.

მომავალ წელს ორგანიზაციასთან ერთად ვგეგმავთ ძალიან ბევრ ერთობლივ ღონისძიებას და გვაქვს სურვილი, რომ თბილისს ჰქონდეს უფრო აქტიური პარტნიორობა ევროპულ ქალაქებთან. უპირველესად, ეს არის ქალაქებს შორის ინფორმაციის გაცვლა, ასევე, საკონსულტაციო და საექსპერტო დახმარება, რომელსაც ორგანიზაცია გაუწევს ქალაქს ახალ პროგრამებსა და ინიციატივებთან დაკავშირებით და, რასაკვირველია, უმთავრესი არის ჩვენი დედაქალაქის კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაცია“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

თბილისის მერიამ „ევროპის სპორტის ქალაქი 2025“-ის სტატუსის მოსაპოვებლად განაცხადი 2023 წელს გააკეთა. ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, AECS Europe-ის სპეციალური კომისია თბილისს 10 ივნისს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში კომისიის წევრებმა დაათვალიერეს დედაქალაქში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა და მიიღეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის სპორტის პოლიტიკის, ასევე, მიმდინარე პროგრამებისა და პროექტების შესახებ. თბილისისთვის ეს პირველი განაცხადია ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსის მოსაპოვებლად. სტატუსის მოსაპოვებლად განმცხადებელი მხარე უნდა აკმაყოფილებდეს კომისიის მიერ მოწოდებულ 12 კრიტერიუმს.

ACES Europe-ი ბრიუსელში დაფუძნებული არაკომერციული ასოციაციაა, რომელიც UNESCO-ს ოფიციალური პარტნიორია. „ასოციაცია ყოველწლიურად ასახელებს „ევროპის სპორტის ქალაქს“.

134