თბილისის მერიამ საკრებულოს 2023 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტი გაუგზავნა. დოკუმენტის თანახმად, მომდევნო წელს თბილისის მერიის გადასახდელების მოცულობა 1.44 მილიარდი ლარი იქნება. ეს წლევანდელთან შედარებით 120 მილიონი ლარით ნაკლებია, თუმცა ეს ბიუჯეტის პირველადი პროექტია და შესაბამისად, გადასახდელების მოცულობა შესაძლოა შემდგომი წარდგენებისთვის გაიზარდოს.
მერიის შემოსავლის უდიდესი ნაწილი (839 მლნ ლარი) გადასახადებიდან დაფინანსდება, კერძოდ მერია 250 მილიონი ლარის ქონების და 588 მილიონის დღგ-ის აკრეფას გეგმავს. ამასთანავე, მერია მიიღებს 314 მილიონის გრანტს ცენტრალური ბიუჯეტიდან. თავად მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული სერვისებისთვის და ლიცენზიებისთვის კი მერია 145 მილიონი ლარის შემოსავალს მიიღებს.
რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯებს, 10 მილიონით იზრდება მუნიციპალურ უწყებებში დასაქმებულთა ხელფასები და ის 98 მილიონ ლარს მიაღწევს. კონკრეტული მიმართულებებით დასახარჯი თანხები ასე ნაწილდება:
● სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - 415 მლნ ლარი, კლება წინა წელთან 33 მლნ;
● ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება/ჩანაცვლება - 224 მლნ ლარი, კლება წინა წელთან 23 მლნ ლარი;
● ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება - 169 მლნ ლარი, კლება წინა წელთან 62 მლნ;
● ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 144 მლნ ლარი, 11 მილიონი ლარი;
● ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობა - 39 მლნ ლარი, კლება 1.4 მლნ;
● განათლება - 224 მლნ ლარი, მატება 1 მილიონი; (მათ შორის ბაღების დაფინანსება 187 მლნ ლარი);
● კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა - 43 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 20 მილიონი ლარი;
● საკრებულოს აპარატი - 18.4 მილიონი ლარი, მატება 0.7 მლნ;
● მერიის ადმინისტრაცია - 28 მილიონი ლარი, მატება 6 მლნ.
ჯერჯერობით უცნობია ამ სახით შენარჩუნდება თუ არა 2023 წლის მერიის ბიუჯეტი.