თბილისის მერია ვარკეთილში მდებარე ავარიული საცხოვრებელი კორპუსის ახალი შენობით ჩანაცვლებაზე 7.5 მილიონ ლარს დახარჯავს. შესაბამისი ინფორმაცია დღეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. განცხადების მიხედვით, პროექტს მერიის დაქვემდებარებაში არსებული “თბილისის განვითარების ფონდი” განახორციელებს.
კორპუსის ჩანაცვლება ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვით მოხდება. ჯერჯერობით უცნობია, რომელ კომპანიასთან გაფორმდება შესაბამისი კონტრაქტი.
“სახელმწიფო შესყიდვის საგანია ქ. თბილისი, ვარკეთილის დასახლება, მასივი 3, კვარტალი 7, კორპუსი 12, მდებარე 1295 კვ.მ მიწის ნაკვეთზე არსებული 4-სართულიანი ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის დემონტაჟი და მის ნაცვლად ახალი 10 სართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო (მათ შორის, სარემონტო) სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა წინამდებარე ტექნიკური დავალებით, მისი დანართებითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით. საცხოვრებელი კორპუსის მიწისქვეშა სართულზე ეწყობა 7 ერთეული ავტოსადგომი, მათ შორის, 1 ერთეული განკუთვნილია შშმ პირების მიკროავტობუსისათვის.
ახალი საცხოვრებელი კორპუსის 10 სართულზე მოეწყობა 90 ერთეული საცხოვრებელი ბინა, აქედან 36 ერთეული გარემონტებული სახით გადაეცემათ მესაკუთრეებს, ხოლო 54 ერთეული ბინა (თეთრი კარკასის კონდიციაში შეფასებული) და 7 ერთეული ავტოსადგომი რეგისტრირებულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად და ანგარიშსწორებისას გათვალისწინებული იქნება შემდგომში მიმწოდებლისთვის სამშენებლო სამუშაოების ღირებულების ნატურით ანგარიშსწორების მიზნით, ფართებისა და მათი ღირებულების შეთანხმებული პროპორციის შესაბამისად,”- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
გამოქვეყნებულ განცხადებაში არაა დაზუსტებული თუ როდის უნდა დასრულდეს ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა.