თბილისის 10 ქუჩას 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა სახელები მიენიჭება. თბილისის საკრებულოს ცნობით, გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე მიიღეს.
მათი ინფორმაციით, კომისიამ განიხილა დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ნინო თოიძის, ნატო გიორგაძის, ვენერა მეტრეველის, აზა ადამიას, მარინა ჭყონია-სამარგულიანის, ნანა სამარგულიანის, ზაირა კიკვიძის, ნოდარ ჯანგირაშვილის, მამუკა ნოზაძის და შალვა ქვასროლიაშვილის სახელობის ქუჩების სახელდების საკითხები.
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ განაცხადა, რომ საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისში 9 აპრილს დაღუპული ყველა გმირის სახელობის ქუჩა იქნება.
"ეს უნდა იყოს მუდმივი პროცესი. მუდმივად უნდა ჟღერდეს და გვახსოვდეს ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძოდნენ,“- განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.
თბილისის საკრებულოს ცნობით, კომისიის სხდომაზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს როგორც კომისიის წევრებმა, ასევე 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახის წევრებმა.
„თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ათივე საკითხს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა სახელობის ქუჩების სახელდება რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ამ დროისთვის დედაქალაქის 11 ქუჩა მათ სახელებს ატარებს.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას 21 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ისინი გარდაცვალების შემდეგ, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დაჯილდოვდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.