თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ თანხა, რომელიც „თბილისობის“ ღონისძიებაზე უნდა დახარჯულიყო ბათუმში კორპუსის ნგრევის შედაგად დაზარალებულებს გადაეცემათ.
კალაძე თავის განცხადებაში უსამძიმრებს ბათუმსა და მთელ ქვეყანას, ამბობს, რომ ტრაგედია საერთო ტკივილია.
„დღესაც, ამ მძიმე წუთებში, თბილისი დგას ბათუმის გვერდით. ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, ღონისძიება, რომელიც სატელევიზიო ფორმატით თბილისობის აღსანიშნავად უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდება. გამოყოფილი თანხა კი გადაირიცხება ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში,“ – წერს კალაძე.
საუბარია „თბილისობის“ წლევანდელ ღონისძიებაზე, რომელსაც პანდემიის გამო მოქალაქეები ვერ დაესწრებოდნენ. ამ დღეს უნდა გამართულიყო კონცერტი, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და საპატიო თბილისელთა დაჯილდოვება.
ამ ყველაფერზე უნდა დახარულიყო 494 ათასი ლარი.