სანიაღვრე სისტემები მუშაობს გამართულად, უბრალოდ, იმდენად უხვი ნალექი მოვიდა და დამატებით იყო ცენტრალური კანალიზაციის პრობლემა, რომ ფიზიკურად ვერ ატარებდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიიდან მორიგი ფეისბუქლაივის დროს ისაუბრა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, თამარ მეფის გამზირთან, რომელიც ერთ-ერთი რთული მონაკვეთი იყო, პრობლემა საათზე ნაკლებ დროში აღმოიფხვრა.
„ამ კონკრეტული მონაკვეთიდან ჩავერთე და განახეთ, რა მძიმე მდგომარეობა იყო, ავტომობილებისთვის გადაადგილება ჭირდა. სპეციალურად გავაკეთე ჩართვა, რადგან ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაციები, მითქმა-მოთქმა, რომ სანიაღვრე სისტემა არ მუშაობს, არ არის გაკეთებული, არ არის გაწმენდილი და ა.შ. ძალიან ბევრი ტყუილი და სიცრუე. 55 წუთის წინ მქონდა ჩართვა, მოგაწოდეთ ინფორმაცია არსებულ ვითარებაზე, ტერიტორია იყო დატბორილი, ახლა კი ხედავთ, რა ვითარებაა. ეს არის რეალობა. ეს არის იმის მანიშნებელი და დამამტკიცებელი, რომ სანიაღვრე სისტემები მუშაობს გამართულად, უბრალოდ იმდენად უხვი ნალექი მოვიდა და დამატებით იყო ცენტრალური კანალიზაციის პრობლემა, რომ ფიზიკურად ვერ ატარებდა. ეს იყო პრობლემა“, – განაცხადა კალაძემ.
ძლიერმა წვიმამ პრობლემები დედაქალაქის ზოგიერთ რაიონში შექმნა. დაიტბორა ქუჩები, მიწისქვეშა გადასასვლელები, დაზიანდა ელექტროსადენები და წაიქცა ხეები. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, შესაბამისი უწყებები მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებენ. ამასთან, დედაქალაქის მერმა მოსახლეობას მოუწოდა, ძლიერი წვიმით გამოწვეული პრობლემების შემთხვევაში დარეკონ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2722222.