თბილსის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი 8 თებერვლიდან კომენდანტის საათის ამოქმედებამდე ანუ 21:00 საათამდე იმუშავებს.
„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ორშაბათიდან ანუ 8 თებერვლიდან, ფუნქციონირებას დაიწყებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი - მეტრო, ავტობუსი და მიკროავტობუსები. სამუშაო განრიგი იქნება საღამოს კომენდანტის დაწყებამდე ანუ 21:00 საათამდე, რის შემდეგაც პერსონალის საცხოვრებელ სახლებში განაწილებას ჩვენ უზრუნველვყოფთ“, - განაცხადა ხმალაძემ.
ვიცე-მერმა ის წესები განმარტა, რომლის შესრულებაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარებისას მოქალაქეებს მოუწევთ. მან აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული ტრანსპორტში ფეხზე დგომის წესები.
"ტრანსპორტში სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება. კონტროლი მოხდება ისევ ისე, როგორც აქამდე ხდებოდა. პირბადის გარეშე ადამიანი არ დაიშვება ტრანსპორტში; მეტროს შესასვლელები გაკონტროლდება; ავტობუსის შემთხვევაში თუ მოქალაქე პირბადის გარეშე ავა, ან ვინმე თუ ტრანსპორტში მოიხსნის პირბადეს, ავტობუსი არ დაიძვრება. კონტროლი იქნება საკმაოდ მკაცრი. ფეხზე დგომასთან დაკავშირებით რეკომენდაცია არ გვაქვს გაცემული. პირველ რიგში დავაკვირდებით, როგორი იქნება დატვირთვა და იქიდან გამომდინარე ალბათ საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას“, - განმარტა ვიცე-მერმა.