თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირზე არსებული 2,5 კილომეტრიანი შუა ზოლის, გამწვანებული კუნძულების და სარაჯიშვილის სკვერის, ასევე ლიბანის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სარაჯიშვილის გამზირზე დასრულებული გამწვანების პროექტი დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად დაათვალიერა.
„კიდევ ერთი პროექტი დავასრულეთ გლდანის რაიონში, კონიაკის დასახლებაში. გზაგამყოფი სივრცე, სადაც წლების განმავლობაში ტრამვაი დადიოდა, მთლიანად მოწესრიგდა – მოეწყო ველობილიკი, სასეირნო სივრცე, გამწვანდა, გარდა ამისა, რეაბილიტირდა სარაჯიშვილის სკვერი, რომელიც, შეიძლება ითქვას, საპარკინგე სივრცედ იყო ქცეული. დღეს თქვენ ხედავთ, როგორი გამწვანებულია და მოწესრიგებულია. ასევე განხორციელდა ლიბანის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაციის პროექტი. იქაც ხე-მცენარეები დაირგო, განათების სისტემა მოეწყო, საპარკე ინვენტარი განთავსდა, ბავშვებისთვის გამოიყო სპეციალური სივრცე, ასევე ტრენაჟორების სივრცე. ადგილობრივი მოსახლეობა ამას დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა, ჩვენი დაპირება იყო, რომ მოვაწესრიგებდით და ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატა ქალაქს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სარაჯიშვილის გამზირზე არსებულ შუა ზოლში, რომლის ფართობიც 25 000 კვადრატული მეტრს შეადგენს, მოეწყო საველოსიპედე და საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სპორტული მოედნები, დამცავი ღობე, გარეგანათების და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები; განთავსდა საპარკე ავეჯი; ჩატარდა გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება: დაირგო 5 104 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი და 15 668 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესა და დაიგო ბალახი. გარდა ამისა, აღნიშნული შუა ზოლისა და ლიბანის ქუჩის მიმდებარედ მოეწყო ახალი გზაგამყოფი გამწვანებული კუნძულები, სადაც დაირგო 174 ძირი ნერგი და 1 983 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესა ბალახი. სარაჯიშვილის სკვერში, რომლის ფართობიც 6 000 კვადრატული მეტრია, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები და განთავსდა საპარკე ავეჯი. აქაც, რასაკვირველია დაირგო 584 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი და 3 804 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესა ბალახი. რაც შეეხება ლიბანის სკვერს, 21 000 კვადრატულ მეტრზე განახლდა საფეხმავლო ბილიკები, დამატებით მოეწყო ველობილიკი, გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, სასმელი წყლის სოკო, მოსასვენებელი პავილიონი, საბავშვო და სპორტული მოედნები, სკეიტ პარკი, ასევე განთავსდა საპარკე ინვენტარი, დაირგო 1 600 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი, ხოლო 15 121 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესა და დაიგო ბალახი. ზემოთ ჩამოთვლილი პროექტების ფარგლებში, 52 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, 7 462 ძირი ნერგი დაირგო, ხოლო 36 576 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესა და დაიგო ბალახის საფარი. აღნიშნული პროექტების ღირებულება 8 მლნ ლარს შეადგენს. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ტოგონიძე, გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესო კალაძე და გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში კონსტანტინე ზარნაძე.