
სარაჯიშვილის გამზირზე, გლდანის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საფეხმავლო გადასასვლელები მოეწყობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ტერიტორიაზე ზებრა გადასასვლელების მოწყობის პარალელურად, უცვლელი დარჩება შუქნიშნების მუშაობის არსებული რეჟიმი და ავტომობილების გადაადგილებას პრობლემა არ შეექმნება.
„ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო სარაჯიშვილის გამზირზე, გლდანის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საფეხმავლო გადასასვლელებს მოაწყობს - ძალიან ბევრი ზარი შემოდის ამასთან დაკავშირებით. პროექტის მთავარი მიზანი ქერჩის ქუჩისა და სარაჯიშვილის გამზირის კვეთაზე არსებულ ჯვარედინზე ქვეითთა გადაადგილების უსაფრთხოებისა და კომფორტის უზრუნველყოფა არის.
გადასასვლელის მოწყობა არ მოითხოვს შუქნიშნის ფაზების ცვლილებას, რაც იმას ნიშნავს რომ სატრანსპორტო მოძრაობა არ შეფერხდება და ჩვეულებრივად იმოძრავებენ ავტომობილების. გზაჯვარედინი ფუნქციონირებას არსებული რეჟიმით განაგრძობს. ზებრა გადასასვლელები მოეწყობა ისე, რომ შუქნიშნის რეჟიმი დარჩება და ავტომობილით გადაადგილებას პრობლემა არ შეექმნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.