რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების ვადად, თბილისის მერიასა და შპს „სმარტ სოლუშენს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაშიც 30 ნოემბერი განისაზღვრა.
უფრო კონკრეტულად, კომპანიასა და დედაქალაქის მერიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილება 30 ოქტომბერს შევიდა. შედეგად, სამუშაოებისთვის განსაზღვრული 100 დღიანი ვადა გახანგრძლივდა და განახლებული პირობებით, რეაბილიტაცია 130 დღეში უნდა დასრულდეს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ცენტრალური გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებისთანავე, მერიის მხრიდან სამუშაოების დასრულების ვადად 4 თვე - ნოემბრის ბოლო სახელდებოდა.
შესაბამისად, კონტრაქტის პირობების ცვლილებამ საზოგადოებაში ერთგვარი გაურკვევლობა გამოიწვია, თუმცა, როგორც მერიაში აცხადებენ ეს მხოლოდ სახელშეკრულებო პირობის დაზუსტებას ემსახურებოდა.
„ნოემბრის ბოლოს სრულდება რეაბილიტაცია, როგორც გვქონდა მითითებული პირველივე დღიდან, როდესაც დავიწყეთ რეაბილიტაციის პროცესი. ყველა განცხადება, რაც მერიას თუ უშუალოდ მერს გაუკეთებია, შეეხებოდა ამ ვადას.
რაც შეეხება შიდა ხელშეკრულებებს, ათი კონტრაქტორი მუშაობს რუსთაველზე და მათ, რა თქმა უნდა, განსაზღვრული აქვთ თავიანთი ვადები. ეს არის სამუშაო პროცესი, გამომდინარე არსებული მდგომარეობიდან, ზოგს უხანგრძლივდება, ზოგს პირიქით და ეს არანაირად არ აისახება საერთო ვადაზე.
ის, რომ რეაბილიტაციის პროცესმა 1 თვით გადაიწია, არის მცდარი ინფორმაცია და ტყუილი“, - აცხადებენ მერიაში.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სმარტ სოლუშენსი“ ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ კომპანია „სმარტ სოლუშენსი“ თბილისის მერიამ უკვე 19-ჯერ დააჯარიმა. ჯარიმის მოცულობამ კი, ჯამურად, 26 ათას ლარს გადააჭარბა.
შეგახსენებთ, იმასაც რომ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯამში, 20.487 მლნ ლარი ჯდება. ამასთან, ცალკე ტენდერია გამოცხადებული ტროტუარების რეაბილიტაციაზე, რომლის შესყიდვის ჯამური ღირებულება 7 808 234 ლარს შეადგენს.