janmedi
ავერსი ნემო

 გარემოს ეროვნულმა სააგენტომ „ისნის დაშლილების ბაზრობის” ტერიტორიაზე ახალი საცხოვრებელი უბნის მშენებლობისთვის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა.

პროექტის განმახორციელებელმა კომპანიამ, სააქციო საზოგადოება „რეალ ინვესტმა“, სააგენტოს კორექტირებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში 21 აპრილს წარუდგინა. კომპანია დოკუმენტის დაჩქარებული წესით განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებას ითხოვდა, რისთვისაც ჯამში 15.5 ათასი ლარი გადაიხადა.

„გთხოვთ, გადაწყვეტილება გასცეთ დაჩქარებული წესით, რისთვისაც კომპანიის მიერ გადახდილია მომსახურების დაწესებული საფასური 15 000 ლარის ოდენობით, ასევე გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მოსაკრებელი - 500 ლარი“, - აღნიშნულია აპრილის განაცხადში.

დოკუმენტაციის მიხედვით, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ურბანული განვითარების პროექტზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება 9 ივლისს გამოსცა.

გზშ-ის ანგარიშის თანახმად, კომპანია ახალი საცხოვრებელი უბნის მშენებლობას 17.5 ჰექტარი ფართობის მქონე სამ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე გეგმავს.

  • პროექტი მრავალფუნქციურია და მოიცავს:
  • საცხოვრებელ სივრცეებს, საოფისე და სავაჭრო ფართებს;
  • სპორტულ დარბაზებსა და ფიტნესცენტრებს;
  • სასურსათო მაღაზიებს, აფთიაქებსა და ფინანსური მომსახურების ობიექტებს;
  • საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას — საბავშვო ბაღსა და სკოლას;
  • სარეკრეაციო სივრცეებს, მათ შორის სათამაშო/გასართობ მოედნებსა და ველობილიკებს.

„ტერიტორიაზე მოეწყობა ერთიანი სარეკრეაციო სივრცე, რომელიც გადაკვეთს ცენტრალურ გამზირს. აღნიშნულ მონაკვეთში დაგეგმილია მიწისქვეშა გზის მშენებლობა (560 მ სიგრძის, 12 მ სიგანისა და დაახლოებით 5 მ სიღრმის მქონე მიწისქვეშა გადასასვლელი)“, - ვკითხულობთ გადაწყვეტილებაში.

გეგმის მიხედვით, შენობების ძირითადი ნაწილი 12-დან 25 სართულამდე იქნება, თუმცა გათვალისწინებულია უფრო მაღალი ნაგებობებიც - მაქსიმალური სიმაღლე, სავარაუდოდ, 40 მიწისზედა სართულს მიაღწევს.

ალტერნატივების ანალიზი და ვადები
გზშ-ის ანგარიშში განხილული იყო პროექტის განვითარების ორი ალტერნატიული ლოკაცია:

ალტერნატივა N1: კომპანიის საკუთრებაში არსებული ე.წ. „ისნის დაშლილების ბაზრობის“ ტერიტორია;

ალტერნატივა N2: ვაზისუბნის დასახლებაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნაკვეთი.

შედარებითი ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ გარემოსდაცვითი თვალსაზრისით პირველი ვარიანტი (ისნის ტერიტორია) ბევრად მისაღებია, ვინაიდან:

გამოიყენება უკვე დეგრადირებული და ანთროპოგენურად სახეცვლილი სივრცე;

არ ხდება ახალი მწვანე ტერიტორიების ათვისება და ბუნებრივი გარემოს დამატებითი დაზიანება;

ეფექტიანად გამოიყენება არსებული ინფრასტრუქტურა, რაც ხელს შეუწყობს ურბანული გარემოს გაუმჯობესებასა და ტერიტორიის რეაბილიტაციას.

წარმოდგენილი გეგმის მიხედვით, უბნის სრული განვითარება და მშენებლობის დასრულება 7-დან 12 წლამდე პერიოდშია დაგეგმილი.

61