დედაქალაქში აქტუალური გაახდა ტემპერატურის მატებასთან ერთად მიკროავტობუსებში გაუმართავი გაგრილების სისტემის პრობლემა. აღსანიშნავია, რომ სამარშუტო ტაქსების უმეტსობა გაუმართავი გაგრილების სისტემით მოძრაობს, რასაც მუდმოვად თან ახლავს მოქალაქეების პრეტენზიები და საყვედურები გაუსაძლისი სიცხის გამო.
საინფორმაციო სააგენტო "ბიზნესთაიმი" აღნიშნულ საკითხზე თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაუკავშირდა და შეეცადა გაერკვია, თუ რატომ ვერ ხერხდება პრობლემის აღმოფხვრა.
"დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურის მატებისთანავე, ჩვენგან დავალება გაიცა, როგორც ავტობუსებში ისე მიკროავტობუსებში კონდიცირების სისტემის მოწესრიგებასა და ჩართვასთან დაკავშირებით. თითოეულ იდენტიფიცირებულ ფაქტზე, ვახდენთ შესაბამის რეაგირებას და ვაფრთხილებთ კომპანია “თბილისის მიკროავტობუსს”, რადგან ქალაქში მოძრავი მიკროავტობუსები მათ დაქვემდებარებაშია" - განგვიცხადეს თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში.
შესაბამისად, შევეცადეთ იგივე კითხვით მიგვემართა "თბილისის მიკროავტობუსისთვის" სადაც განგვიმარტეს, რომ ყოველ დილით ხდება გამართული, შეკეთებული გაგრილების სისტემით მიკიროავტობუსების ხაზზე გაგზავნა, თუმცა დღის განმავლობაში გაგრილების სისტემა ფუჭდება.
"ყოველ საღამოს ხდება შემოწმება-შეკეთება და და დილით ყველა მიკროავტობუსი გამართული გადის სამუშაოდ, თუმცა, კარების ხშირი გაღების გამო დღის განმავლობაში ხშირია როცა ფუჭდება, რაზეც აუცილებლად ხდება რეაგირება" - განმარტეს კომპანია "თბილისის მიკროავტობუსსში" და დაგვპირდნენ, რომ აღნიშნულ პრობლემას მოიკითხავენ და შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.