დედაქალაქის მერია პირველ ეტაპზე, 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვას გეგმავს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ცვლილების მიზანი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო. წლების წინ ამ მიმართულებით არავის უფიქრია. ერთადერთი დავით ნარმანიამ შემოიყვანა „მანის“ მარკის ლურჯი ფერის ავტობუსები, რაც ქალაქისთვის მნიშვნელოვანი იყო. დედაქალაქში მგზავრთნაკადი მნიშვნელოვნად იზრდება. ამის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, 18-მეტრიანი ავტობუსები შევისყიდოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ გამოცხადებული აქვს ბაზრის კვლევა, რომელიც 27 აპრილს დასრულდება.
„პირველ ეტაპზე, 160 ერთეული ავტობუსის შესყიდვა განხორციელდება. ბაზრის კვლევის შედეგების შესაბამისად, კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადება დაგეგმილია მაისის დასაწყისში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ავტობუსების შესყიდვის ბიუჯეტი, დაახლოებით, 245 მლნ ლარი იქნება.
„წინასწარი შეფასებით, 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის ჯამური ბიუჯეტი დღგ-ს ჩათვლით, დაახლოებით, 245 მლნ ლარი იქნება. ეს თანხა დაკორექტირდება ბაზრის კვლევის შედეგების მიხედვით. 18-მეტრიანი ავტობუსების მოწოდება დაგეგმილია ეტაპობრივად, 2024 წლის განმავლობაში. პირველი 50 ერთეული მოგვეწოდება საორიენტაციოდ, მომავალი წლის აპრილამდე, ხოლო დანარჩენის - 2024 წლის მეოთხე კვარტალში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რამდენი ჯდება 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა თბილისისთვის?
682
|