აპლიკაცია „ფიქს თბილისზე“ დაფიქსირებული პრობლემების თითქმის ნახევარი უკვე მოგვარებულია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პროექტის ამოქმედებიდან დღემდე პროგრამაში 5 638 მიმართვა დაფიქსირდა, საიდანაც 2 434-ზე რეაგირება უკვე მოხდა.
„როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის პირველი მაისიდან ამოქმედდა „ფიქს თბილისი“, რასაც მოქალაქეების დიდი დაინტერესება მოჰყვა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თავის მობილურ ტელეფონში ჩამოტვირთოს აღნიშნული პროგრამა და დააფიქსიროს სხვადასხვა პრობლემა ქალაქის მასშტაბით – გადაუღოს ფოტო, გააკეთოს კომენტარი, მიუთითოს ადგილმდებარეობა და ჩვენი შესაბამისი სამსახურები ახდენენ რეაგირებას. პროექტის ამოქმედებიდან დღემდე, ჯამში, 5 638 მიმართვა შემოვიდა ოთხი მიმართულებით: ეს არის ხე-მცენარეების, საპარკე ინფრასტრუქტურის, საგზაო ინფრასტრუქტურისა და გარე განათების დაზიანება. აქედან 2 434 მოთხოვნა უკვე შესრულებულია, ხოლო დანარჩენი შესრულების სხვადასხვა ეტაპზეა. მინდა, მადლობა გადავუხადო მოქალაქეებს ამდენად მაღალი ინტერესისთვის და პროგრამაში ჩართულობისთვის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უფრო სწრაფი ტემპით შევძლოთ ამ კატეგორიის პრობლემებზე რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, მერმა ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს დაავალა, პროგრამაში დაფიქსირებულ პრობლემებზე უკეთესი რეაგირებისთვის დამატებითი ფინანსების მოზიდვაზე იზრუნოს.
„აღნიშნული პროგრამით გამოვლინდა, რომ ძირითადი პრობლემები ეხება საგზაო ინფრასტრუქტურას. შესაბამისად, მინდა, დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, რომ დაიწყოს ფინასების მოძიება, რათა გამგეობებსა და მერიის შესაბამის სამსახურებს კიდევ უფრო მეტი რესურსი გავუჩინოთ და მივცეთ შესაძლებელობა, რომ პრობლემებს, რომლებიც იქნება დაფიქსირებული „ფიქს თბილისის“ საშუალებით, მოჰყვეს სწრაფი რეაგირება და მათი მოგვარება არ შეფერხდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მერმა ასევე განმარტა, რომ არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქე „ფიქს თბილისზე“ აფიქსირებს გარკვეულ პრობლემას, თუმცა აღნიშნულის მოგვარება უკვე დაგეგმილი აქვს მუნიციპალიტეტს, ან გამგეობას და ის გათვალისწინებულია ბიუჯეტში, პროექტის განხორციელებას კი გარკვეული დრო სჭირდება, სატენდერო პროცედურების გამო.