golden brand
ავერსი ნემო

2026 წლის იანვარ-მაისში თბილისში დიდგაბარიტიანი მანქანების პიკის საათებში მოძრაობაზე გამოწერილი ჯარიმების მოცულობა წლიურად 54%-ით შემცირდა.

უფრო კონკრეტულად, ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, წელს 5 თვეში აღნიშნული დარღვევისთვის ბიუჯეტში 561 485 ლარი შევიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 1 229 114 ლარი.
ამასთან, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2025 სრულ წელს, წინა წელთან შედარებით, თბილისში დიდგაბარიტიანი მანქანების პიკის საათებში მოძრაობაზე გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 158%-ით გაიზარდა. კერძოდ, ანგარიშს მიხედვით, 2025 წელს აღნიშნული დარღვევისთვის ბიუჯეტში 2 972 751 ლარი შევიდა, წინა წელს 1 153 574 ლარი.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 1-ლი იანვრიდან დროის გარკვეულ მონაკვეთში, დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში დიდი გაბარიტების მქონე მანქანების, კერძოდ, N1, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებისთვის გადაადგილება აიკრძალა. შეზღუდვა 08:00- 11:00 საათებსა და 17:00-20:00 საათების შუალედში მოქმედებს.თუმცა, რეგულაცია არ ვრცელდება შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებზე: საზოგადოებრივ ტრანსპორტზე; საავარიო, ასევე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი შემთხვევების აღმოსაფხვრელად საჭირო ტრანსპორტზე, (სასწრაფო დახმარების, სამაშველო, სახანძრო, საევაკუაციო და ა.შ. ტრანსპორტი); მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; მოსწავლეებისა და სტუდენტების გადაადგილებისათვის საჭირო ტრანსპორტზე; ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე; ბეტონმზიდ სატრანსპორტო საშუალებებზე; ნავთობპროდუქტების გადამზიდავ ტრანსპორტზე. ამასთან, აკრძალვა არ მოქმედებს შაბათ-კვირას, უქმე დღეებსა და აგვისტოში.
რაც შეეხება ფულადი სანქციის მოცულობას, რეგულაციის მიხედვით, დამრღვევი პირზე ჯარიმა 1000 ლარია, განმეორების შემთხვევაში კი 3000 ლარი.
დიდი ავტომობილების გადაადგილება დროის გარკვეულ მონაკვეთებში, შემდეგ მისამართებზეა შეზღუდული: ქეთევან დედოფლის გამზირი, მოსკოვის გამზირი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდისა და იუსტიციის სახლის ტერიტორია; აღმაშენებლის გამზირი; წერეთლის გამზირი, ვაკე-საბურთალოს ცენტრალური ქუჩები; მარშალ გელოვანის გამზირი, აღმაშენებლის ხეივანი, მეტრო სარაჯიშვილის მიმდებარე ტერიტორია და ა.შ.
80