სამგორის რაიონის მაჟორიტარი, რეზი სოხაძე, დღევანდელ ფაქტს, ორხევში უკანონო მშენებლობების დემონტაჟის შესახებ სოციალურ ქსელში ეხმაურება და ვრცელ განმარტებას აკეთებს.
მისივე თქმით, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ და რამდენიმე პიროვნებამ სცადა დღევანდელი მოვლენების არასწორი კუთხით დანახება და სენტიმენტებით მანიპულირება.
“თავს მოვალედ ვთვლი, კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.
მუნიციპალიტეტის ქონების მითვისება არის კერძო საკუთრების მითვისება. ეს არის ქურდობა და არაფრით განსხვავდება იმისგან, ვინმე კონკრეტულად თქვენს მიწის ნაკვეთზე რომ შეიჭრას, თქვენი ნებართვის გარეშე ააშენოს რამე და თქვას ჩემიაო. გარდა ამისა, ნუ გვავიწყდება, რომ მუნიციპალიტეტის საკუთრება არის ჩემი, თქვენი და ყველა მოქალაქის საკუთრება. შესაბამისად, თუ გვინდა რომ ვიცხოვროთ სახელმწიფოში, მსგავს ფაქტებს ყოველთვის უნდა მოყვეს უმკაცრესი რეაგირება მთავრობისგან.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს არის უპატივცემლობა იმ კანონმორჩილი მოქალაქეების, რომლებიც შრომობენ, გარკვეულ თანხას იხდიან კერძო საკუთრების შეძენაში და შემდეგ მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებთან ათანხმებენ იქ მშენებლობას. იმ შემთხვევში თუ ამ კონკრეტულ ან სხვა მსგავს ფაქტებს არ მოყვება ის რეაგირება, რაც მოყვა, მივიღებთ დაუსჯელობის სინდრომს - დღეს მუნიციპალიტეტის ქონებაში შეიჭრებიან, ხვალ თქვენს ქონებაში და ა.შ. მგონი ყველანი ვთანხმდებით, რომ ეს არასწორია და დღეს მერია მოიქცა ისე, როგორც უნდა მოიქცეს ნებისმიერი სწორად გამართული სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი.”- წერს რეზი სოხაძე.
მისივე თქმით, ის რომ გარკვეული სპექტრი ადამიანებისა მანიპულირებენ იმ ფაქტით, რომ ვიღაც უსახლკაროდ დარჩა და “რა უგულო მთავრობა გვყავს,” - რეალობას მოკლებულია.
“მაგალითისთვის მინდა გავასაჯაროვო ერთ-ერთი ესეთი "უსახლკარო" ადამიანის სახელზე აღრიცხული ქონება და დასკვნების გამოტანა თქვენთვის მომინდია.
ვისაც უჭირს და სახლკარი არა აქვს ამისთვის სპეციალური პროგრამები არსებობს და უამრავი ადამიანი იღებს ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტიდან დახმარებას.
ამ ადამიანების დიდი ნაწილი იპარავს თქვენს ქონებას, იმისთვის რომ თვითონ უფრო მეტი ჰქონდეთ და არა იმისთვის რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეს მათთვის.
ისეთ ადამიანებს, ვისაც სახლი არ აქვს და უკიდურესად უჭირთ, ისედაც იღებენ თავშესაფარსაც და ფულად დახმარებასაც მთავრობისგან.
ეს არის კახა ილურიძის ქონების ჩამონათვალი:
1) ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზ. N37, კორპ. 4ა-ში მდებარე ბინა N85 (თანასაკუთრება - სვეტლანა გაფრინდაშვილი, თორნიკე ილურიძე და გიორგი ილურიძესთან)
2) ქ. თბილისში, ნიკოლოზ ყიფშიძის ქ. N12ვ-ში მდებარე ბინა N9
3) ქ. თბილისში, ნიკოლოზ ყიფშიძის ქ. N12ვ-ში მდებარე ავტოპარკინგი N4.” - წერს სოხაძე.