საბურთალოს რაიონში კიდევ ერთი ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
დედაქალაქის მერიის ცნობით, 18 დეკემბრიდან ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება.
„საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო ტროტუარები, პანდუსები და სანიაღვრე ქსელი; მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდა საჰაერო ელექტროსადენები და სრულად მოწესრიგდა ბუნებრივი აირის დაზიანებული მიწისქვეშა ქსელი.
ამ ეტაპისათვის, 7800 კვ. მ გზის სავალ ნაწილზე სრულდება ასფალტის საფარის დაგება და გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა. გარდა ამისა, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს მთლიანად ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოები, რომლის ფართობი ჯამში 19 800 კვადრატული მეტრია.
პროექტის ბოლო ეტაპის სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ. პროექტისათვის ბიუჯეტიდან 2 000 000 ლარი გამოიყო“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.