მეტროს ვაგონების ნაწილების ხელოვნურად გაძვირებული იმპორტი, ყალბი დოკუმენტები და „თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის“ სამმაგ ფასად მიწოდებული დეტალები - პროკურატურა აცხადებს, რომ ამ სქემით ოთხი პირი სახელმწიფოს კუთვნილ 41 მილიონ ლარზე მეტს დაეუფლა.
საქმე ეხება 2017–2024 წლებში მეტროს ვაგონების კაპიტალური რემონტის, მოდერნიზაციისა და მაკომპლექტებელი დეტალების შესყიდვისთვის გამოცხადებულ 27 ტენდერს. მათი საერთო ღირებულება 145,4 მილიონი ლარი იყო. გამოძიების ვერსიით, ამ თანხიდან ბრალდებულებმა 41,1 მილიონი ლარი მიითვისეს - მთლიანი თანხის დაახლოებით 28%.
დაკავებული არიან სს „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის“ დირექტორი გელა ძიძიკაშვილი, ამავე კომპანიის ტექნიკური დირექტორი მამუკა ნოზაძე, საწარმოს წილის ერთ-ერთ რეალურ მფლობელად დასახელებული პაატა სვანიძე და კომპანიების, „საჩინოსა“ და „ინტრანსის“ დირექტორი რუსლან დემუროვი.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა დაარეგისტრირეს კომპანია „საჩინო“, რომლის სახელითაც მეტროს ვაგონების ნაწილები საქართველოში ხელოვნურად გაზრდილი ფასითა და ყალბი დოკუმენტებით შემოჰქონდათ. გადაზიდვას კომპანია „ინტრანსი“ უზრუნველყოფდა.
შემდეგ, გამოძიების თანახმად, „საჩინოდან“ იმპორტირებულ საქონელს ფიქციური საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ სამმაგ ფასად აწვდიდნენ.
ოთხივე პირს ბრალად ედება ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხის მითვისება, ასევე ყალბი ოფიციალური და საგადასახადო დოკუმენტების დამზადება და გამოყენება. პროკურატურის ცნობით, წარდგენილი ბრალდებები 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, ერთს კი - 2 მილიონი ლარის გირაო. უწყება არ აკონკრეტებს, რომელ ბრალდებულს შეუფარდეს გირაო.
გამოძიება თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. პროკურატურას მანამდე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული ჰქონდა, რომ საქმის ფარგლებში 3 თებერვალს რამდენიმე მისამართზე ჩხრეკა ჩატარდა. უწყების განცხადებით, გამოძიება სხვა შესაძლო მონაწილეების გამოსავლენად გრძელდება.
|
162
|