მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ არსებულ მეწყერსაშიშ ზონაში სამუშაოები გრძელდება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “BUSINESS TIME”-ს დედაქალაქის მერიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება მუნიციპალიტეტმა ქართველი და უცხოელი ექსპერტების ზედამხედველობით დაიწყო.
ამ ეტაპზე, მაჭავარიანის ქუჩის საგზაო მონაკვეთში, საყრდენ კედელთან უკუშევსების სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც, აღნიშნულ ტერიტორიაზე დროებითი წინაღობა, კედლის ვერტიკალური საბჯენი (ე.წ. კონტრფორსი) მოეწყობა.
მერიის ინფორმაციით, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მიმდინარე კვირის ბოლოს, ასევე, დამონტაჟდება უახლესი მონიტორინგის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს დამატებითი ინფორმაციის ოპერატიულად მოწოდებას. ამის შემდეგ იქნება შესაძლებლობა, მეწყრული ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყოს. პარალელურად კი გაგრძელდება კვლევის პროცესი.
თბილისის მერიის მიერ მოწვეული ინჟინერ-გეოლოგები მაჭავარიანის ქუჩაზე, მეწყრულ ზონაში არსებულ მდგომარეობას მიმდინარე თვის დასაწყისიდან სწავლობენ. სამუშაო ჯგუფში ჩართული ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ერთობლივი მუშაობით, მომზადდა პირველადი გეგმა და კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებაც დაიწყო.