თბილისში მოძრავ მიკროავტობუსებში მგზავრთა აღმრიცხველების (მთვლელი მოწყობილობის) შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერი დასრულდა.
ახალ, ლურჯ სამარშრუტო ტაქსებში მთვლელებს კომპანია “იუჯითი” დაამონტაჟებს.
ცნობისათვის, თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ მიკროავტობუსებში მგზავრთა აღმრიცხველების (მთვლელი მოწყობილობის) შესყიდვის მიზნით ტენდერი 2-ჯერ გამოაცხადა. პირველი ტენდერი მიმდინარე წლის აპრილში გამოცხადდა. მაშინ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3,3 მლნ ლარი იყო. ეს ტენდერი შეწყდა. მიზეზი კომპანია softmaster-ის საჩივარი გახდა. ეს უკანასკნელი შემსყიდველი ორგანიზაციისგან სატენდერო დოკუმენტაციის პირობების გადახედვას ითხოვდა, რაც თავის მხრივ, სატენდერო კომისიამ დააკმაყოფილა.
მეორე ტენდერი სააგენტომ უკვე ივნისში გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 21 ივლისს დაიწყო და 26 ივლისს დასრულდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2.650 მლნ ლარი იყო. ტენდერში წინადადება ორმა კომპანიამ წარადგინა - „იუჯითიმ“ - 2.288 მლნ ლარი და შპს „ბი-2-ბი“ - 2.199 მლნ ლარი. ეს უკანასკნელს სატენდერო კომისიამ ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიანიჭა. შედეგად, ტენდერი კომპანია „იუჯითიმ“ გაიმარჯვა და ამ ეტაპზე მასთან ხელშეკრულების გაფორმების პროცედურა მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ ტენდერის პირობების მიხედვით, მგზავრთა დათვლის სისტემა აღჭურვილი უნდა იყოს ავტომატური სენსორით, რომელიც დამონტაჟდება მიკროავტობუსებში და თითოეულ გაჩერებაზე მგზავრთა ჩასხდომისა და გადმოსხდომის აღრიცხვას უზრუნველყოფს. გამარჯვებულმა კომპანიამ მერიას მოწყობილობები 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, მოთხოვნის შესაბამისად უნდა მიაწოდოს. თითოეული მოთხოვნის რაოდენობა იქნება არანაკლებ 50 ერთეული.
რაც შეეხება „იუჯითის“, რეესტრის მიხედვით, კომპანია 2010 წელს დაფუძნდა. ამ დროისთვის კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია შპს იუ-ჯი-თი ჯგუფი. ამ უკანასკნელში 85%-იან წილს გრიგოლ ჭირაქაძე ფლობს, რომელსაც რამდენიმე წლის წინ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა. დანარჩენი 15% კი თანაბრად ნაწილდება ერმილე სულაძეზე, გიორგი მაისურაძესა და გურამ ხოჯანაშვილზე. პარალელურად, აღნიშნულ სამ პირს „იუ-ჯი-თი ჯგუფში“ დირექტორების თანამდებობები უკავიათ.