დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად, დიდუბის რაიონში, მირცხულავას ქუჩაზე მდებარე სამშენებლო ობიექტი დაათვალიერა, რომელიც კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული ოჯახების დასაკმაყოფილებლად შენდება. პროექტს ამჟამად სამშენებლო კომპანია m2 ახორციელებს, რომელმაც დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების ვალდებულება 2019 წლის სექტემბერში, თბილისის მერიასთან დადებული შეთანხმების ფარგლებში აიღო.
„თქვენ იცით კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულების პრობლემა და ალბათ გახსოვთ, რომ მივიღეთ ამ პრობლემის მოგვარების გადაწყვეტილება. სამშენებლო კომპანია m2-მა აიღო ამ მშენებლობების დასრულების ვალდებულება. დღეს ძალიან მიხარია, რომ ვხედავ ამ სამუშაოებს. კორპუსების ნაწილი ფაქტობრივად დასრულებულია, ხოლო ნაწილის მშენებლობა მიმდინარეობს. 2023 წლისთვის „სვეტის“ მიერ დაზარალებული ოჯახები მიიღებენ თავიანთ საცხოვრებლებს. სამ ადგილზე მიმდინარეობს მშენებლობა. ეს არის მირცხულავას, ნუცუბიძის და ჭყონდიდელის ქუჩები. პანდემიის გამო შექმნილი პრობლემების მიუხედავად, ამ ობიექტებზე ერთი დღით არ გაჩერებულა სამუშაოები. დაზარალებული ოჯახებისთვის მიცემული დაპირება 2023 წელს შესრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კომპანია m2-მა მირცხულავას ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოები გასული წლის მარტში დაიწყო.
„m2 ჯგუფსა“ და თბილისის მერიას შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, სამშენებლო სამუშაოები 2023 წელს დასრულდება. 2 500-მდე დაზარალებული ოჯახი საკუთარ ბინას დათქმულ ვადაში მიიღებს.