სანიაღვრე ქსელის მოწყობის გამო, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და გაგარინის ქუჩის ნაწილზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა 10 დეკემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე, „ვეფხი და მოყმის“ ძეგლიდან გაგარინის ქ. N29-მდე იმოქმედებს.
მათივე ცნობით, მარშალ გელოვანის გამზირიდან და ბაქრაძის ქუჩიდან მოძრავ ავტომობილებს გადაადგილება შეეძლებათ ჟვანიას მოედნისკენ და პეკინის გამზირის გავლით, ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირების მიმართულებით; გმირთა მოედნისა და „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიიდან, „ვეფხი და მოყმეს“ ძეგლის მიმართულებით მოძრავი საავტომობილო ნაკადი გადაადგილებას შეძლებს გაგარინის ქ. N29ა-მდე (საქართველოს ბანკის ცენტრალურ ოფისამდე).
„დროის აღნიშნულ მონაკვეთში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოსახვედრად, მძღოლებს შეუძლიათ გამოიყენონ, როგორც გალაკტიონის, ასევე, ბარათაშვილის ხიდები, ხოლო მარშალ გელოვანის გამზირზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ჟვანიას მოედნიდან, გაგარინის ქუჩის გამოყენებით.
გარდა ამისა, 11 დეკემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე, გაგარინის ქუჩაზე, „ვეფხი და მოყმის“ ძეგლიდან ისაკაძის ქუჩის კვეთამდე არსებული საგზაო მონაკვეთი ჩაიკეტება. მარშალ გელოვანის გამზირისა და ბაქრაძის ქუჩიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ხოლო გოთუასა და შარტავას ქუჩების გამოყენებით, მოძრაობა დასაშვები იქნება ჟვანიას მოედნის მიმართულებით. აღნიშნული სამუშაოები ღამის საათებში ჩატარდება და ტრანსპორტის გადაადგილება დღის განმავლობაში არ შეიზღუდება“, – აცხადებენ მერიაში.