დიდ დიღომში, როსტევანისა და ასმათის ქუჩების კვეთაზე სკვერი ეწყობა. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.
„დიდ დიღომში კიდევ ერთი რეკრეაციული პროექტი მიმდინარეობს. აღნიშნული სკვერი მდებარეობს როსტევანისა და ასმათის ქუჩების კვეთაზე და ნახევარ ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. სამუშაოები რამდენიმე კვირაში დასრულდება. პროექტის ფარგლებში, გაკეთდა სასეირნო ბილიკი, გამოყოფილია ასევე ველობილიკი, ბავშვებისთვის გათვალისწინებულია ატრაქციონების სივრცე, მოეწყობა ფანჩატურები, გაკეთდება სკეიტ მოედანი, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდებში. ამ ფართიდან გამომდინარე, მაქსიმალურად გამოვიყენეთ ტერიტორია, რათა ყველაფერი ჩაგვეტია. საბოლოო ჯამში, ძალიან კარგი პროექტი გამოვა, როდესაც დასრულდება განათებების მონტაჟი, დაირგვება ხე-მცენარეები და მოეწყობა სარწყავი სისტემა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყობა საბავშვო, სატრენაჟორო და მაგიდის ჩოგბურთის სივრცეები, დამონტაჟდება LED განათება და სარწყავი სისტემა, მწვანე სივრცეში კი დაირგვება 600-მდე ხე-მცენარე. პროექტის ღირებულება შეადგენს 1 400 000 ლარს.
სამუშაოებს დღეს მერთან ერთად საბურთალოს რაიონის გამგებელ გიზო ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.